პოეზია
რა კარგია გაზაფხული
რა კარგია გაზაფხული,
თვალწარმტაცი, მომხიბვლელი.
ზამთრის ყინვით დათუთქული
ახლა ყვავის ტყე და ველი.
ახლა თვით მზეს სხვა სხივი აქვს
და სიცოცხლეს სხვა ელფერი;
ახლა გული ხარობს, ლაღობს
სევდის დანით დანასერი!..
ახლა ვარდსაც სამიჯნუროდ
გაუშლია ქორფა გული,
და ბულბული დამღერის თავს
მისი ტრფობით დადაგული...
ახლა მდელო ღელავს, ტოკავს
ყვავილებით მოკაზმული;
ახლა ყველას ატკბობს, ხიბლავს
ფთოსანთ მღერა-ჟრიამული...
ახლა ყველგან ჩქეფს, ჩხრიალებს
ლაღ სიცოცხლის ნაკადული,
რა კარგია, ღმერთო ჩემო,
გაზაფხული, გაზაფხული!..
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა