ხარიტონ ვარდოშვილი
პოეზია

ქუთაისს

სიტყვა გულისა, შენი სადარი, დღემდე ვერ გითხარ, ამად ვღონდები, კოლხეთის ბურჯი, ბაირახტარი, ფიქრში მიზიხარ და მაგონდები. ქალაქთა შორის ხარ უძველესი, შენც თბილისივით ბევრჯერ გვემულო, გამოწრთობილო ცეცხლის ღელეში, ბევრჯერ ნანგრევო, კვლავ აგებულო! გამკობს ბაგრატის ნებით ნაშენი ტაძარი დიდი და დიდებული, მტრებთან ბრძოლებში გმირობა შენი არს უკვდავებით გაბრწყინებული. გმირული სული დღესაც გამშვენებს, არ დასტყობია შენს მაჯას დაღლა, ძველ განძს იცავ და ახალს აშენებ, ძმობის ალამი გიჭირავს მაღლა. შენი მშვენება სიამეს მაქსოვს გულში და იმ დროს ვიგონებ თრთოლვით, როცა პირველად გეწვიე, მახსოვს, იდგა ზამთარი ყინვით და თოვლით, გეწვიე მოყმე, გაუხარელი, ვისაც წამება სიყრმითვე მდევდა, მსურდა მეპოვა შენში მფარველი, ჩემი სამშობლოს მეორე დედავ! და არც მოვტყუვდი ჩემს გულისთქმაში, მიმიღე ძმურად ტლუ და ეული, ვიგრძენი შვება მე შენს წიაღში, დედური სითბო მზით მოფრქვეული. ვიგონებ შენი ბაღის ზამბახებს და იმ წუთებით ვარ ბედნიერი, როცა პირველად შენს ბაღში ვნახე დიდი აკაკი, მეფურ იერით. ეს იყო მეტად საზარი წელი, ომით შობილი საშინელების, როცა მეფობდა ირგვლივ, შავბნელი, ძალა ჯალათი, ჩაგრულ ერების, ო, ქუთაისო, რა დამავიწყებს მე შენში განვლილ მღელვარე დღეებს, როს რისხვის ქართა გრიალი იწყეს, დასცეს თავზარი მტარვალთ ბუდეებს! ბრძოლის ხმამ შესძრა ცა მეწამული, გამარჯვების მზემ იელვა როცა, განთავისუფლდა ჩემი მამული და აფრიალდა წითელი დროშა! ისმოდა რისხვა მებრძოლთა ხმაში, ნადგურდებოდა მჩაგვრელთ ქვეყანა, ო, რა სიამე ვიგრძენი მაშინ დამავიწყდება ოდესმე განა? მას შემდეგ ბევრი გავიდა ჟამი, გული სიბერის ნისლით აივსო, მაინც თან დამდევს ო, ქუთაისო, შენი ზღაპრული ზეცის კამკამი! შენი აისის თვალი ცინცხალი, სამარადისოდ დაუვიწყარი, უნარნარესი ბუნება შენი, ო, დაილოცოს მისი გამჩენი! მარად „სავარდო და სამაისო“, რა მომხიბვლელი ხარ, ქუთაისო!
წყარო: https://www.aura.ge/322-leqsebi-gazafxulze/11640-xariton-vardoshvili--ra-kargia-gazafxuli.html

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა