პოეზია
საქართველო
ქვეყნად ვეძებდი სამოთხეს, სამხრეთისაკენ ედემსა,
ევფრატის გაღმა გავხედე გადახრუკულსა ქედებსა,
აქ ვერ ვხედავდი ევასებრ მშვენიერებსა დედებსა,
არც სად ხეხილსა, არც წყალში ამაყსა თეთრსა გედებსა!
შევკრთი, რომ ვნახე ქვეყანა უდაბური და მწირია,
მოვბრუნდი, მხარი ვიცვალე, ჩრდილოსკენ ვქენი პირია,
ვიარე, არ შევიმჩნიე, მე ჩემი გასაჭირია...
ან კი რა მეთქმის? - კაცის თავს ვაება დიახ ხშირია!
აგერ მოვიდა და შევხვდი სანატრელს ნეტარებასა!..
ვიპოვე იგი სამოთხე, ვინ მოსთვლის ამის ქებასა,
გადაჭიმულა წალკოტად, შეხედეთ ღვთისა ნებასა.
ეს საქართველო ყოფილა, - ჰხვედრია ღმრთისა დედასა!..
ორი ზღვის შუა მდებარებს ქართველთა მიწა-წყალია,
ჰყვავის და ჰყვავის მუდმისად, ყინვისგან დაუმზრალია,
შიგ ბანოვანნი კეკლუცნი, მტრის თვალმა ჯერ ვერ დალია,
ვაჟკაცთ ცალ ხელში ჯვარი აქვთ, მეორე ხელში ხმალია!..
ვიშ, რა ხალხია, რა ტურფა, რა გულოვანი, მოყვასი,
უხვი, მხნე, ქრისტეს მორწმუნე, მტკიცე რჯულისა, კისკასი;
შურით, იჭვით და ტრფიალით მათ გადმოსცქერის კავკასი,
ნოეს კიდობნის მტვირთველიც და ურწმუნონი ათასი!
რა ქვეყანაა, რა ჰშვენის, დამატკბობელი სულისა,
ვაზი ვარდს გადახვევია, გამლაღებელი გულისა,
არ ეკრძალების კავკასის, ღრუბლებით დაბურულისა,
დარაჯად ჰხადის ამ მთასა, ზოგჯერ მიზეზად წყლულისა!..
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა