უკან დაბრუნება
რაფიელ ერისთავი

რაფიელ ერისთავი

1824 – 1901

ბიოგრაფია

ბავშვობა და ცხოვრების საუკეთესო წლები რ. ერისთავმა გაატარა კახეთის სოფელ ქისტაურში. ქართული წერა-კითხვა მას დედამ შეასწავლა, ხოლო რუსული ენა – საგანგებოდ მოწვეულმა მასწავლებელმა. 7 წლის რაფიელი თელავის სამაზრო სასწავლებელში შეუყვანიათ, მაგრამ რაფიელის მამას არ მოსწონებია იქაური სწავლების რეჟიმი (ქართული ენის უგულებელყოფა) და 1831 წელს თავისი ვაჟი შუამთის მონასტრის ხელმძღვანელ ფილადელფოს კიკნაძისათვის მიუბარებია. ერთი წლის შემდეგ ფილადელფოსი 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. 1833 წელს რაფიელი მშობლებმა გორში გადაიყვანეს სასწავლებლად. 1836 წლიდან რაფიელი თბილისში ცხოვრობს, სადაც 1845 წელს წარმატებით ამთავრებს გიმნაზიას. სწავლის გაგრძელება რ. ერისთავმა უსახსრობის გამო ვერ მოახერხა და 1847 წელს თარჯიმნად დაიწყო მუშაობა თუშ-ფშავ-ხევსურეთში. 1849 წელს იგი გადაიყვანეს სამუშაოდ ამიერკავკასიის მთავარი სამმართველოს კანცელარიაში, სადაც 1851 წელს მაგიდის უფროსის თანაშემწედ დანიშნეს.