პოეზია
სამშობლოსადმი
’’ეს მთა ჩემია! ეს ხე ჩემია!”
მე ვიმეორებ ყოველ ცისმარე.
სხვის მიწის ხვეჭა ჩვენ არ გვჩვევია,
ჩვენ საკუთარი ჩვენიც ვიკმარეთ.
”ეს მთა ჩვენია! ეს ხე ჩვენია!”
მე ვიმეორებ ყოველ განთიადს.
თუკი რამ კარგი გადამრჩენია,
ისიც სამშობლოს დროშად ანთია.
სამშობლოს დროშა, როგორც ფოლადი,
ერთი მიზნისკენ ჩვენს გულებს იკრებს...
გულო! მებრძოლებს გაუტოლადდი,
თოფის ლულაზე აწყობდი ფიქრებს!
ჩემს სიცოცხლეში ზამბახზე მძიმე
არ წარმომითქვამს სიტყვა და ლექსი,
პეპელას ფრთებზე გამოვიძინე,
მინანავებდა სიოს ალერსი.
როგორც მებრძოლი, ეს მართალია,
მე არ ვყოფილვარ, ძვირფასო, წინათ;
ჩემში რითმამ და თოფის ფალიამ
თანამოსანგრედ ვერ იქორწინა.
მაგრამ თუ ატყდა ომი ფიცხელი,
შემოანგრიეს მზა ჯებირები
კალმის მაგივრად ხმალს ვსტაცებ ხელსა,
პოეტებს აქაც გავეჯიბრები.
’’ეს მთა ჩემია! ეს ხე ჩემია!”
მე ვიმეორებ ყოველ განთიადს,
და თუ რამ კარგი გადამრჩენია, -
ისიც სამშობლოს დროშად ანთია.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა