პოეზია
გლეხის პასუხი
სოფლელი გლეხის შვილი ვარ,
მჭადითა გამოზრდილია,
უქუდო, ჩოხის ამარა,
ქალამნებ გაცვეთილია.
ობოლი დავრჩი დედ-მამას,
დრო მადგას გასაჭირია,
სადაცა ვარდსა დავეძებ,
იქ მხვდება ეკლის ძირია.
მამაც ამ რიგად ტანჯულა.
ვით ვიტანჯები შვილია;
თუმცა სათქმელი ბევრი მაქვს,
ვერ გამიღია პირია.
მე ვინ მომაცლის იმდენსა,
გლეხმა ვისწავლო ანბანი,
დავჯდე და წიგნი ვიკითხო,
გავიგო ქვეყნის ამბავი!
მიწაა ჩემი ქაღალდი,
გუთანი - ბასრი კალამი,
და მელნად ჩემგნით ნაწური
ოფლი, უზომოდ ნაღვარი.
ლომას და ჭონქას ჭირიმე,
დამითესავენ ყანასა...
ხოდაბუნს ძმაში არ გავსცვლი,
დავმღერი "ოროველასა".
ან კი რად მინდა ანბანი,
რად მინდა თქვენი დავთარი:
უნებურ მუნჯი შევქნილვარ,
ვერ მითქვამს ერთი მართალი.
დრო მოვა, წავა, გაივლის,
ეს დრო, ვით ცივი ზამთარი;
არსენავ, გლეხის მოყვარევ,
გავხდები შენი ამქარი.
მაშინ გაფუჭდეს გოგია,
თუ შემეშინდეს რისამე!
ქონება მქონდეს, არ გავსცე,
ოხრად დამირჩეს ქისა მე.
თავზედ დამეცეს ცა რისხვით,
სხივი ვერ ვნახო მზისა მე:
მაღალი ღმერთი გამიწყრეს,
თუ რამ ვინდომო სხვისა მე.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა