ილო მოსაშვილი
პოეზია

ქალ-ვაჟიანი

დალეწეს სალამურები მთაზე წასულმა მწყემსებმა: ეგ დეკეულის ცურები ქალო, წყურვილით გევსება! გულზე დამეცა ლოდივით: ნატვრა, დარდი და წადილი, გრძელია შენი ლოდინი უმზეო წელიწადივით! თვალის შეხედვა გიამა, წელზე შეირხა ლატანი, მკერდი გაგიღო ნიავმა - სინზე დაყარა ატამი. დამწიფდა ოქრო მტევნებით რქა-ბუდუშური ჯაგანი, შენს აჩრდილს ავედევნები დაჭრილი მიჯნურთაგანი. ველოფებოდი ირემსა, შემხვდი დამფრთხალი კანჯარი, ნეტავი მონადირესა, რომელმაც დაგკრას ხანჯალი! ტყეში გაგწიროს ტიალათ. გზა აგირიოს ნაგეში; მე შეგეყარო ტრფიალი - შეგხვიო ვნების ბადეში. ბაღი სავსე და ულევი ნეტავი დამაკრეფინა! ჩითით შემიკრა წყლულები - შენ რომ გულიპირს გეფინა! ვარდით შეკრულმა ბაგემა ელვა მესროლა დილითა, სიცოცხლის სიტკბო მაგემა მაგ ლალ-მარჯანის მილითა! - და მერე იყოს ალალი, თუნდა შემახმეს მარჯვენა - შენი კავი და დალალი დაბლა გაშლილი მაჩვენა.
წყარო: https://www.aura.ge/101-poezia/6836-ilo-mosashvili--qalvazhiani.html

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა