გალაკტიონ ტაბიძე
პოეზია
1914

ჭმუნვარება

როცა მზის სხივი უკანასკნელი მოსწყდება მყინვარს და მიიძინებს, როცა ბუჩქებში ნიავი ნელი ნაზად და წყნარად წაისისინებს, როცა ბულბული საღამოის ჯამს მიდამოს უმღერს მომხიბვლელ ნანას, როცა სიჩუმის ღმერთი დარაჯად ციდან დასცქერის მთელსა ქვეყანას; როცა ტბის ფსკერში ჩაიქარგება სახემიბნედილენ მთვარის ღიმილი, დედავ ბუნებავ! იმ დროს მხოლოდ მე რისთვის გამირბის ნეტარი ძილი? ოჰ, ვინ დამწყევლა, გარეწარივით ტყის სიღრმეში რომ დავეხეტები? ან აჩრდილივით რად მიდგანან წინ გარდაუვალი და ჩუმი მთები? წყეულ იყოს ის შავბნელი წუთი, როს ის ვარსკვლავი ცაზე ჩნდებოდა, სადაც ეწერა, რომ ჩემს განწირულს სულს მოსვენება არ ღირსებოდა, რომ სიყმაწვილის მჭკნარ ყვავილებზე არრა მშთენოდა წყლთა მალამოდ, რომ ჩემს ოცნებას აუსრულებელს დავთხოვებოდი სამარადჯამოდ.
წყარო: galaktion.ge

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ჭმუნვარება | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში