გალაკტიონ ტაბიძე
პოეზია

აგერა! აჰანდე!

აგერა! აჰანდე! სულის შემხუთავი ქარი უწყალოდ კვნესის, დასასვენებელ კუთხეს ეძებს თავგადაკლული. მიაქვს იერიში, მედგრად ეხეთქება, რომ შეიჭრას და შეანგრიოს. ბზრიალებს თითისტარი... აგერა! აჰანდე! ნაკვერცხლებმა გადიკრეს ფერფლი. „დაილოცა სოფელი! სოფლის ჭირიმე! რაა ქალაქი?“ ქალაქი? მჭამელი და მაინც მშიერი. აგერა! აჰანდე! ბუხარში ცეცხლი გრიალებს. ისმის სიმღერა: „კაცის გული ისეთია, ვით მორევი შავი ზღვისა, რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს, მაინც ენატრება სხვისა“.
წყარო: https://poetry.ge/poets/galaktion-tabidze/poems/3103.agera-ahande.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა