უკან დაბრუნება
ეკატერინე გაბაშვილი

ეკატერინე გაბაშვილი

1851 – 1938

ბიოგრაფია

ეკატერინეს მშობლები-რევაზ ბაადურის ძე თარხნიშვილი (თარხან-მოურავი) და სოფიო ვახტანგის ასული ბაგრატიონ-დავითიშვილი იმ დროის კვალობაზე განათლებული ადამიანები იყვნენ. რევაზ თარხნიშვილი ლიბერალური მიმართულების თავადაზნაურობას ეკუთვნოდა. მას თბილისის პირველი გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული და ჯერ სასამართლოს მდივნად, შემდეგ კი-ვექილად მსახურობდა. დედის გარდაცვალების შემდეგ, 5 წლის ეკატერინესა და მისი ძმის აღზრდა სოფიოს დედამ-დიდედა ბარბარემ ითავა. მისი ზედამხედველობით, ბავშვები დიდ დროს ატარებდნენ სოფლად-დედისეულ ფლევსა და მამისეულ ახალქალაქში. მკაცრი და ანჩხლი ხასიათის ბარბარე კონსერვატული შეხედულებებით გამოირჩეოდა და თვლიდა, რომ ქალისათვის შინაური განათლებაც საკმარისი იქნებოდა, თუმცა, რევაზ თარხნიშვილი ქალიშვილისათვის განათლების მიცემას აუცილებლად თვლიდა. სიდედრის წინააღმდეგობის მიუხედავად, 7 წლის ეკატერინე მამამ გორში მცხოვრებ პოლკოვნიკ ფავლენიშვილის ქვრივს-მაიკოს მიაბარა, რომელმაც ბავშვს წერა-კითხვა და ლოცვა შეასწავლა. 1 წლის შემდეგ გოგონა თბილისში გერმანულ კერძო სკოლაში გადაიყვანეს, იქიდან კი-ფავრის პანსიონში, რომელიც ეკატერინემ 1868 წელს დაასრულა. პანსიონში სწავლისას მან გაიცნო იაკობ გოგებაშვილი, რომელმაც თავისი "დედა ენა" უსახსოვრა და იმხანად ქართულის მასწავლებელი ალექსანდრე ცაგარელი. ოჯახის უსახსრობამ ეკატერინეს გზა გადაუკეტა უმაღლესი განათლებისაკენ, რის გამოც იგი იძულებული გახდა, გორში მამის ოჯახში დაბრუნებულიყო.