პროზა
დავითიანი - ოდეს დავით გურამისშვილი ბრუსიაში დატყოვდა და თუ რამ აქვნდა თავისი საცხოვრებლი, ისიც დაეკარგა, იმისთვის ტირილი
ვითა ცხოვარი გზა შეცდომილი
მგელთ წარსატაცად ფარეხთა გარე,
ეგრეთ შენ, თაო, ხარ გახდომილი,
ასეთი საქმე მე მოგიგვარე!
2
გავხდი გლახაკი და დავრდომილი,
თუმცა საწუთროს მოვიანგარე;
ვარ ცარიალზე მე დაჯდომილი,
საუნჯისაგან კარს გარეთ მდგარე.
3
დავჰკარგე იგი ოქროს ბეჭედი,
რომლით ნიშნულ არს ჩემი შვებადი,
აწ მექცევიან ვანი გებადი
მე საუკუნო განსვენებადი.
4
სიზმრად ვიხილე, კარს გარეთ ვრეკდი,
ქორწილში შესვლად შიგნით ვიწევდი,
ქრისტე, მიბოძე ასეთი ბედი,
შენსა მას ქორწილს მეცა მიწვევდი!
5
მტერმან განმძარცვა მე შესამკელი,
ტანთ საქორწინე შესამოსელი,
ვა, თუ მით ვიქნა გარეთ მრეკელი,
ქორწილსა შინა ვეღარ შემსვლელი!
6
შენ ხარ, უფალო, აწ ჩემი მშველი,
ქრისტევ, შემმოსე მადლით შიშველი,
პეტრე და პავლე, სამოთხის მცველი,
ნუ მექნებიან კართა დამხშველი!
7
ნუ გძინავს, სულო, აწ განიღვიძე,
რომ არ შეიქნა ლამპარ-შრეტილი,
შუაღამისას მოვიდეს სიძე,
გარეთ არ დარჩე კარ-დაკლეტილი.
8
ნუ ხარ სულელი, ზარმაც-უდები,
არ დაგეკარგოს ქრისტეს ქორწილი,
ნუმცა იქნები წილდაუდები,
საინახისა არ ირგო წილი.
9
ვამე, ცოდვილსა და უბ[ა]დრუკსა,
მე ვინ მაღირსებს ასეთს მაზმანსა,
რომ დამიგრეხდეს სანთლის პატრუქსა,
ან ზეთს მისხემდეს ჩემს მქრალს ბაზმანსა!
10
ვარ მე მტერთაგან მწარედ გაცრცვილი,
ტანთ საქორწინე საცმელთ ხეული:
სულ დამკარგვია ზეთი და ცვილი
და საკერასე გორგლად ხვეული.
11
ქრისტევ, განმკურნე ბრმა-ყრუ-საპყარი,
რომ მე აგინთო ბაზმა-ლამპარი,
მომეც ლოცვაში თვალთ ცრემლთ წანწკარი,
რომ შენ განმიღო ქორწილთა კარი!
მომეც ლოცვაში თვალთ ცრემლთ წანწკარი,
რომ შენ განმიღო ქორწილთა კარი!
რომ შენ განმიღო ქორწილთა კარი!
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა