უკან დაბრუნება
დავით გურამიშვილი

დავით გურამიშვილი

1705 – 1792

ბიოგრაფია

დავით გიორგის ძე გურამიშვილი დაიბადა 1705 წელს, საქართველოს ძველი სატახტო ქალაქის მცხეთის მახლობლად, საგურამოს ზემოთ, გორისუბანში, თავად გიორგი გურამიშვილის ოჯახში. პოეტის დედა, მზევინარი კახეთში ცნობილი თავადების, ვახვახიშვილთა ასული სათნო, ნაზი და ღვთისმოსავი ქალი ყოფილა. მე-18 საუკუნის ქართველი ისტორიკოსის ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, საგურამო განთქმულია „ნაყოფიერი ხილით, ვენახით, მარცვლით… პირუტყვითა, ნადირითა, ფრინველითა, ტყითა, ველითა და მთითა შემკობილი“ საგურამოს უფრო ამაღლებულ ადგილს, რომელსაც გორისუბანს ეძახიან, დღესაც ემჩნევა ძველი ციხე-დარბაზის ნანგრევები. გადმოცემით, ეს ადგილია გურამიშვილების სამყოფელი, რაზეც პირდაპირ მითითებას ჩვენ „დავითიანშიც“ ვპოულობთ: „მე ვიყავ ერთი თავადი მოსახლე გორისუბანსაო“. დავით გურამიშვილმა სიჭაბუკე თავის მამულში, საგურამოში გაატარა. შემდეგ მისი ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა. ფეოდალური შინააშლილობით დაუძლურებული საქართველო, ირანისა და ოსმალეთის გამუდმებული ცილობის საგანი გახდა. ლეკთა თარეშს ბოლო არ უჩანდა. გურამიშვილის ოჯახი ქსნის ხეობაში, სოფელ ლამისყანაში გაიხიზნა.