პროზა
დავითიანი - ობოლნი
1
დიდება შენდა უფალო, შენა ხარ კაცთა მოყვარე,
გეაჯები, რომ შემინდო, მე ვისაც რამე მოვპარე!
თუმცა გვარდუცი ვერცხლითა ვავსე, ყელამდინ მოვყარე,
ისევ ცუდ იქმნა ჩემთვისა, გვარდუცით ვერ წამოვყარე.
2
ცრუვმან საწუთრომ რაც მომცა, ისევ იმანვე წამართო,
ვით ხმელი შეშა საწვავად მე ცეცხლსა ზედან წამართო;
აწ რითღა უნდა კეთილად მე ჩემი საქმე წარვმართო.
ან ისრაელად რით გავხდე, ან რითღა მე ვიწარმართო?
3
ღმერთო, შემინდევ აწ ჩემი ნაქნარი ცოდვა და ბრალი;
შორს განმარიდე ურიგო მე საქმე ფინთი და მყრალი,
შენ დამიმშვიდე მე გული ღრძუვი, ფიცხელი და მწყრალი,
რომ არ შევიქნა ღვინითა მე ჭირვეული და მთვრალი.
4
ვაი, თუ მოვჰკვდე ცოდვილი კაცი ავის ზნით მე ზრდილი,
წამერთოს დღენი მზიანი, ღამენი ცა-მოწმენდილი;
მდგომარეს ზღვისა ჭვრეტანი, ცა ვარსკვლავ-მთვარით ჭედილი.
უკეთეს ვნახავ ვეღარას ხორც-მკვდარი, სულ-წარწყმენდილი.
5
ვაი, თუ მოვკვდე უმადლო, შევიქნა ცოდვის ზიერი,
დავკარგო ხორცის სიმაძღრე, სულითაც ვიქნა მშიერი;
მისთვის მომადგეს რისხვანი ზეგარდმო, ღვთივ ზეციერი,
სრულად წამერთვას ქვეყნადა, მე მაქვნდეს რაც ნივთიერი.
6
ვამე, თუ შორს გზას წავიდე, საგძლად ვერა-რა წავიღო,
წინ მებაჟენი დამიხვდენ, რაც მთხოონ, ის ვერ გავიღო,
ქრისტეს წინ წავდგე ქედ-დრეკით, თავი ვერ მაღლა ავიღო;
სასწორში ცოდვა დაჭარბდეს, უმადლომ ვერ გარდავიღო.
7
ვამე, თუ ჩემი სიკვდილით გული არავის სტკიოდეს,
გულ-უმხურვალოდ ტიროდეს, განგებ ხმამაღლა კიოდეს,
უბრალოდ იწირპლებოდეს, ცრემლი არ ხარბად ზდიოდეს,
რა მნახოს თვალებ-წუხილი, ჩემზედ ავს რასმე ჩიოდეს.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა