სიმღერა
ზღვაში შევცურდი
ზღვაში შევცურდი, ვამბობდი:
გავკვეთ, გავაპობ ზღვასაო;
მთისას ვამბობდი – გადვივლი,
თუნდ ჯანღი მერტყას გარსაო;
ქარბუქიც ადგეს უებრო,
თავზარსა სცემდეს ბარსაო!
სიკვდილი პირ-დაღებული
დამტრიალებდეს თავსაო;
რა შეაჩერებს ვაჟკაცის
შეუდრეკს გულისთქმასაო!
როცა მაღალი მთა ვცადე,
ჭირიც მაჩვენა მრავალი;
თვალ-წინ ვერაფერს ვხედავდი,
არა ჩნდა კაცის ნავალი
და მოღრუბლული მის სახე,
ღრიალი შესაზარავი;
სულთამხუთავი გვერდითა,
კაცის სიცოცხლის მპარავი,
საკირის ცეცხლად დადგმული
თავზე ყინულის კარავი,
მაშინ ვსთქვი – არა ყოფილა
ადვილად გადასავალი.
ვეძიე, ვერსადა ვპოვე
ჭირისგან მხსნელი წამალი.
უკან დავბრუნდი ტირილით,
თავის-თავისა მწყევარი.
ვიძახდი, შეუძლებელის
ფიქრის რადა ვარ მდევარი,
ვით ორი კურდღლის შეპყრობის
მოიმედოვნე მწევარი?!
გაწბილებული ვეღარ ვარ
მაღლისა მთისა მკვლევარი.
ვწყევ თავის გაჩენის დღესა,
ბრალს არ ვდებ მთასა მაღალსა,
არცვის ვაუწყებ ადვილად
თავის თავგადასავალსა,
მიტომ რომ ბევრნი იწყენენ,
წყევლას მეტყვიან მრავალსა.
ზღვა ვცადე: მეორე ნაპირს
სატრფოსთან გასვლას ვლამობდი;
არც გემი მქონდა, არც ნავი,
თავის მკლავებით ვწვალობდი.
„ჰე, ღმერთო, შენის ძალითა!“
თან ამასაცა ვგალობდი.
ჩემს სისუსტეზე ზღვაშია
ბოლოს დროს კიდეც ვცხარობდი.
დავრჩი და დავრჩი ზღვის შუა,
მათამაშებენ ტალღები,
„ის რა ჩვარი სჩანს ზღვაშია?“
ამას ამბობენ ბალღები,
თითით უღერენ ჩემზედა
ზღვის ნაპირებზე მდგარები;
დაკეტილი მაქვს ორივე
სიკვდილ-სიცოცხლის კარები.
ასეთს ყოფაში შთენილსა
მითენდება და ღამდება:
სულ ავდარია ჩემს თავზე,
როდის-ღა გამიდარდება?!
ვეთრეინები ზღვის ტალღებს
სიცოცხლე-გამწარებული.
არც დაბრუნვა სჩანს, არც წინსვლა,
ვარ ღვთისთვის ჩაბარებული,
ანგელოზი სტირს, ეშმაკი
იმღერის გახარებული.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა