პოეზია
ზამთარი მთაში
ჩამოგვითოვა ქედები,
თეთრი დახურა მანდილი,
თოვლი ბარადაც გვეწვია,
დიდი არა აქვს მანძილი.
სამგლოვიაროდ იმოსვის
ჩვენის სოფლების მიდამო;
უსიამოვნო ამბავი
მიწას ეუწყა ციდამო.
დაღონებულა ტყე-ველი,
დაღონებულან ჩიტები,
ვეღარ ლაღობენ, დაწყნარდენ
ის მგალობლები, ცქვიტები.
ირემმაც ფერი იცვალა,
მთას უცქერს გაშტერებული,
უკვირს, რა ექნა ბალახი:
სამყურა გახელებული.
შველმა მოძებნა მაყვალი,
ზაფხულში დაწუნებული,
ჰკორტნის, არ სწუნობს ეხლა-კი
თვალ-მარდი, გახუნებული.
დატკბა და ძვირად დაფასდა
ბუხარი გახურებული,
გაწმინდა მონადირემაც
სიათა დაჟანგებული.
აქამდის მოცლით არ იყო
საქმისგან დაბანდებული.
წრიაპებს¹ ეძებს ბერიძე,
ხუჩებს² წნავს გაჩქარებული.
წავა და დასდევს ორბებსა
მთა-მთის პირთ გამალებული,
თუ მოჰკლავს, გამობრუნდება,
შინ მოდის გახარებული.
წინ ცოლი მიეგებება,
ქმარს ნაბადს უგებს კერაზე,
დააძრობს ფეხთით საცმელებს,
იქვე გადაჰფენს ძელაზე;
არ ზარობს, ცოლი მზად არის
გაყინულის ქმრის შველაზე.
გაჩაღებული ცეცხლია…
მხრებზე მოახვევს დურასა.
ერთს ყანწს არაყსაც მოუტანს,
ბერიძე გადიწურავსა.
დალაღებული ბალღები
გაიძახიან „ურასა“.
აშიშინდება მწვადები
წვენის წვეთ-წვეთად დენითა.
ბალღებს ჩიჩია ალაღებს,
ტუჩებს ილოკენ ენითა.
კატაც მიმჯდარა კერას პირს
თავის ულვაშით, წვერითა.
ისიც მოელის ერთს ჩიჩქსა,
რომ გაისველოს პირია.
სახლის ბოძებიც ხარობენ,
დღეს იმათთვისაც ლხინია:
მათზეა ასოდ აქნილი
ხარი-ირემი ღვინია.
ყველაცა ხარობს სახლშია,
რაღაა გასაჭირია.
ხორცი ბევრი და ნაფქვავი,
შეშაც დერეფანს მრავალი,
კიდევაც დარჩა ტყეებში
ხარ-ირმებისა ნავალი.
დაუკარ, ბიჭო, ჩონგური,
უთხარ თავგადასავალი, –
დაჰმღერე ძველი ამბავი
მამა-პაპისა მრავალი.
თოვლო, ითოვლე, ითოვლე,
მთა-ბარს ჩააცვი სუდარა;
ყინვა, ქარი და ნამქერი
ზამთრის წესია მუდამა.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა