პოემა
1895ხის ბეჭი
I
წვიმდა, ელავდა, ღვარები
მთის ფერდოებზე დიოდენ,
ჩავლით ჩაკიფეს ბალახი,
დაბლა ხევებში ხვიოდენ,
მოაგორებდენ ლოდებსა,
ისმის დგანდგარი, ჩხერანი;
მთისად მთა დატევებული,
კლდე, კლდეს მობმული, ვერანი,
ირჩევა ღამის წყვდიადში,
საზარლად აყორებული;
ხევში ბობოქრობს მდინარე
მყვირალი, გაღორებული.
გაღმა სხვა მოსჩანს ფერდობი
დიდი, შავის ტყით ფარული,
როსტომის მრისხანება აქვს
და თან სინაზე ქალური.
იქ ბევრი იცის ირემი,
დათვი და ღორი მალული.
მათ მონადირე აწუხებს,
ქურდულად შემოპარული.
იქ კაცნი როდი სცხოვრობენ…
მოკამკამებენ წყარონი,
ჩალა-ჩადუნას პირს ჰბანენ
ტურფანი, გასახარონი.
ნამი ჩამოდის წვიმისა,
დაბლა ფოთლებზე ხმაურობს;
ქვეით კი ისევ მდინარე
მოსთქვამს და აურზაურობს.
სხვა ხმა არსიდან არ ისმის:
არც მგელი ღმუის არსადა,
მელის ხავილსა, ბუს კივილს
ვერსად იშოვით ფასადა.
გადაიყარა ცამაცა,
ვარსკვლავნი დაჩნდენ დასადა.
სველია ნაწვიმობითა
ბალახი, ტყე და ფოთოლი.
კაცი ვინმე სჩანს ხის ძირას
მობუზვით, როგორც ობოლი.
თოფი აქვს მიყუდებული
იქვე წიფელზე მარჯვესა,
მკრთოლარე ცეცხლი უნათებს
მჭმუნვარეს პირისახესა.
ზის მკერდ-მიპყრობით ცეცხლისკე,
ჩიბუხს ეწევა დინჯადა,
კარგია შესახედავად,
წამოსადეგად, ბიჭადა.
მარცხნით მკერდს სასწრაფო უჩანს,
თითბრისა მასრებიანი,
მარჯვნისკე – საპირისწამლე
თეთრი, იმ სპილოს ძვლიანი;
წელზე ხანჯარი არტყია,
ძმად საგულისხმო, ფხიანი.
ზის თავისათვის მარტოკა,
ფიქრობს ხვალინდელს ცდისასა:
მოჰკლავს თუ არა ნადირსა,
ფიქრით არკვევდა იმასა.
ეს ტყე ტყუილად იარა,
ვერსით რას გახდა ღონესა;
შეხვდა ნადირსა – ვერ მოჰკლა,
ვითომ ესროდა სწორესა;
ორჯელ ესროლა ირმებსა
ახლოს, არც ისე შორესა,
უჭირველებივ დაიქცნენ,
თავს ევლებოდენ გორებსა.
საღამო ხანზე თხრაშია
თავს წამოადგა ღორებსა…
ესროლა, მაგრამ დაუცდა,
თავში იშენდა ტორებსა.
მიტომ მჭმუნვარებს ვაჟკაცი,
ფიქრისას აგებს ყორებსა.
II
„ეი, ძმობილო, ძმობილო!“
გაღმიდამ კაცმა იძახა.
შემკრთალმა მონადირემა
პირჯვარი გამოისახა:
– ღმერთო, შენ ჯვარი დამწერე,
ნუ გამხდი საეშმაკოდა,
მიშველე, ლომისის ჯვარო! –
შეშინებული ამბობდა.
„წამო, ძმობილო, ნუ ჰკრთები,
კაცი ვარ, პირჯვრის მწერელი;
ნუ გეგონები ალ-ქაჯი,
ბოროტის საქმის მრჩეველი.
წამო, აქ წამო ჩემთანა,
გამაირბინე ჩქარაო;
მე ხომ გეძახი, ესა ვარ,
სხვამაც ეს დამაბარაო.
აბა და რაღას სტორტმანობ,
შე დალოცვილო, კმარაო!“
უნდოდა მონადირესა
ჯერ დაეძახა: – არაო.
– ვაჰ, თუ ცუდად რამ მომიხდეს, –
სთქვა… მიდის… გაეჩქარაო.
თოფი გადიგდო მხარზედა,
ხანჯარი მოიგვარაო.
„მოხვალ, თუ არა, ძმობილო?
სთქვი შენის ფიქრის ძალაო!“
– მოვდივარ, თუნდა შამჭამო,
დღე ვეღარ ვნახო ხვალაო. –
თან უფრო ნაბიჯს უმატა,
ფეხმარდად გაემალაო.
ბევრგან ხევებზე ჩასვლაში
კლდეებსაც შაეხალაო.
და აგერ ქვეით გამოჩნდა
აყვავებული ჭალაო.
– აბა, ვინა ხარ? ვინ მიხმობ? –
აქედამ დაახალაო.
„წამოდეგ“, – ახლოდამ ესმის:
„ჩემო ძმობილო, ბალაო!“
III
ავლო პატარა აღმართი,
გადაიხედა ქვეითა;
ყურს უგდებს გაოცებული,
ყაყანი ესმის ხევითა.
მშვენიერია ტაფობი,
განათებული ცეცხლითა,
შემხდარი, შეზავებული,
ნაკურთხი უფლის ხელითა.
აქ მას რამდენჯერ უვლია…
ამას რას ჰხედავს თვალითა?
ირგვლივ ირწყვება ტაფობი
ვერცხლის და ოქროს წყალითა.
ხეებს სანთლები აკრია, –
ცასა სწვდებიან ალითა,
ყვავილნი ათასნაირნი
დაკიდებულან თავითა
დიდრონის ხეებიდამა
ლალ-იაგუნდის კავითა.
დაჯარებული ხალხია
მწვანეს ხავერდზე დაბლაო.
ჰკვირობს: – აქ ეს ჯამაათი
საით რამ მოიყვანაო?!
მართალსა ვხედავ, თუ ესა,
ვსტყუვდები, მომეზმანაო?
„წამოდი, ახლოს წამოდეგ,
არ მოგვენდობი განაო?“ –
ერთმა მას ხელი მოჰკიდა
და წაიყვანა თანაო, –
ტურფად შამკობილს ტაფობში
თამამად ჩაიყვანაო…
ჩამოსვეს ხალიჩაზედა,
ღვინოს აწვდიან თანაო,
გადაჰკრა მონადირემაც,
დიდხანს არ დაახანაო.
რა ლეში არის სუფრაზე,
საით ვინ მოიტანაო?
სულ თავში გოგოც ვინმე ზის
ტურფა, ლამაზი რამაო.
ჭკვიდამ არია სტუმარი
იმის ნისლივით თმამაო.
წამოდგა ქალი ფეხზედა, –
თითქოს იელვა ცამაო, –
ჰაერში გაიკრიალა
მისმა ზარივით ხმამაო:
„ნება გაქვთ პური მიირთვათ,
ეს მოგახსენათ მთამაო!
და შენც, სტუმარო ღვთისაო,
ამას გთხოვ, იყო ფთხილადა;
ძვლები არ დაგვიკარგო,
რაც მოგერგება წილადა“.
IV
აქამდის დაუქმებულნი,
შეუდგნენ პურის ჭამასა,
ხორცს არიგებდენ სწორ-სწორად
დახსოვნა უნდა ამასა:
ძვალებს კი, მცირე ნაფხვერსა,
იქვე აწყობდენ ერთადა, –
არ დაეკარგათ ცოტაც კი,
ამად ფთხილობდენ მეტადა.
ღვინოსა ჰსვამდენ თასებით,
მადლი ახსენეს მიწისა,
ვინაც ქვეყანას განაგებს,
სვეს სადღეგრძელო იმისა.
„შენც გადღეგრძელოს, ქალაო“,
ბოლოს დასძახეს ისიცა.
აქ მონადირემ იცრუა:
წილად ბეჭი ჰხვდა ირმისა,
„ხელ-უკუღმ“ წყალში გადაგდო,
დღესაც წყალს მიაქვს, მიდისა!
ძვალები გოგოს დაუწყვეს,
იმ ცისკარივით მნათობსა;
როგორაც ცასა უფალი,
იქაურობას ამკობსა.
მივიდნენ ძვლების სათვლელად,
ქალთან მიქუჩდნენ ყველანი…
ხარ-ირმის ბეჭი დააკლდათ,
სად მიეფარა ვერანი?
ეძიეს აქეთ-იქითა,
ამაო იყო ძიება.
აჟრჟოლებს მონადირესა,
თითქოს შეჰყროდეს ციება.
1 / 4