ვაჟა-ფშაველა
პოეზია

ხარისთვის უდიერი

ლაჭანშია წევს ხუმარა – მუშა დიდი ხნის სნეული; წელიცა სტკივა, მუხლებიც, სულ სტკივა მთელი სხეული. მესამე ზაფხული მიდის, რაც ესე არის უქმადა, მის სარჩო-საბადებელი გახდა ყვავ-ყორნის ლუკმადა. მოსწყინდა მხცოვანს მხვნელ-მთესველს ამდენს ხანს ყოფნა მუქთადა. ღმერთს სთხოვს ან მორჩეს, ან მოკვდეს, ნუ ჰყავ ხელუყრელ კუტადა. უწყრება შინაურებსა, წაიბუზღუნებს მწარედა: „რას სხედხართ უქმად, უკლონო, არ გაიხედავთ გარეთა? ჩაიწვა ჭირნახულები, მიეშველენით, ხანია, ეხლა რა შინ ჯდომისაა, როგორი დრო და ჟამია?!.“ ესმის მუშების კიჟინა, – ჰმკიან ყანებსა, შრომობენ, ეკვეთებიან მინდვრებსა, ცელ-ნამგლებითა ომობენ. ჰშურს სნეულს შრომა სხვებისა, ჰშურს სხვების ნამკალ-ნათიბი; რად მოიძულა უფალმა, – რად გამოართვა ნასიბი? ერთს დროს-კი ამაზე ადრე არვის გაჰქონდა გუთანი, არცვინ ჭირნახულს იკლებდა, დღეს იმარჯვებენ ცუდანი. ბევრჯელ უნახავთ, ხუმარას მარტოს მოემკოს დღიური; ბეჭებზე ნისლი ოფლისა, ნისლი ენკენისთვიური რომ ასდენოდეს მუშასა, ბოლად და კვამლად ქცეული. დღეს გულ-მოკლული ლაჭანში წევს ღონე-გამოლეული. ბევრჯელ დაუწვა თვალები ოფლმა ნადენმა ღვარადა, ჩამოურეცხა გულ-მკერდი ღვთის ნაჩუქარმა შანადა. მაინც არ გატყდა გულითა, შრომასვე შეტრფის კვალადა. გონება მინდვრად მიურბის, უნდა წავიდეს ძალადა; რა ვერ ადგება აწევით, ამოიკვნესებს ბრალადა. უყვარდა სარჩო სნეულსა, ბევრი პური და ძროხები, იმიტომ თავისი ჯანი არ ჰქონდა დანაზოგები. „რკინის კაცია, რკინისა“, გაიძახოდენ ზოგები. მაინც ქვეყნის ყბა ავია, – დასჯილს თვითაც ჰსჯის სიტყვითა; ხუმარაზედაც ამბობდა სოფელი ერთის პირითა: საწყალი მეტად უდივრად ეკიდებოდა ხარსაო, როდესაც ჰხნავდა და ღრმადა მამულს ავლებდა კვალსაო. „დაჰკარით, მაგრა დაჰკარით, ნუ დააოჩნეთ ხარები!“ დაუყვირებდა მეხრეებს სიცოცხლე-განამწარები. არ დაასვენის წესივრად, არც აუშვებდა დროზედა. რა ხანი არი, მზის სხივი გაქრა ახუნის გორზედა. ის ისევ ხარებს დაჰყვირის: „გასწით, გადადგით ფეხები! თქვენ ისე მიიზლაზნებით, ლამის დაგადგათ კეხები და გაგიხუროთ სახრითა დადუნებული ლეშები!“ მის ქვა-გულს როდი ესმოდა ხარების დანაკვნესები! ხვნას როდი აშლეინებდა მათ გახრეშილი ქედები. წინათ მტანჯველი ხარისა ეხლა იტანჯვის თავადა. ცოდვიანია, ამდენს ხანს იმიტომ არის ავადა. და იქაც ხარის ჩხვერისგან¹ დღეებს ჩამოჰლევს შავადა.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა