ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

ვნახე სამოთხე ამ ქვეყნად

ვნახე სამოთხე ამ ქვეყნად, რა ტურფა სანახავია: ხელთ მეპყრა კონად შეკრული ჩემის სამშობლოს სახია; არც თავი უჩანს, არც ბოლო, ასე ვის მოუჩმახია?! მაგრამ ტურფაა, – გამოსჭვირს შიგ სახე საქართველოსი: მთა, ტყე, მდინარე, ყვავილი მშობელი მიწის მდელოსი; შიგ ჩაქსოვილა გმირთ სახე, მამა-პაპათა ქველობა, – სისხლი და ოფლი ერთურთში, ხმლითა მამულის მცველობა და ჩემის სატრფიალოსი ჟამთ იქით ძველის-ძველობა. ვნეტარობ ნეტარებითა, ვერ ვძღები იმის ცქერითა; ეს კონა გულშიც ჩამერგო თავ-მოწონებით, მღერითა. ვინ მომერევა, ვინ მომკლავს უკვდავს ხედვით და სმენითა?! შევქმნილვარ ცა-ხმელთა სწორი ამ ნეტარების თმენითა. ვლაღობ და ვხარობ ფრიადა ხელს ჩანგით, პირში ენითა, აყვავებულის გულისა აღფრთოვანების კბენითა.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ვნახე სამოთხე ამ ქვეყნად | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში