პოეზია
ვლ. მესხიშვილის საიუბილეოდ
ქართულ თეატრის შვენებავ,
მანათობელო მთვარეო,
ბევრჯელ გაგვმსჭვალე დარდითა,
ბევრჯელ თუმც გაგვახარეო.
ეს მელპომენის ტაძარი
შენ გქონდა საომარეო,
ვნებათ რაზმებში იბრძოდი,
უსისხლოდ სისხლი ჰღვარეო.
აპოლონს მსხვერპლსა სწირავდი
მწირველი მოელვარეო,
ქართულად ეხვეწებოდი:
„ქართველებს მოეხმარეო“.
ღმერთებს იამათ ძალიან,
სხივი მოგფინეს გარეო.
ერთხელ, – არ ვიცი ამ დროსა
ფიქრი რად მომდის მწარეო, –
კინაღამ თავის ტაძარი
უცხოელს გაუცვალეო.
უნდა სიმართლეს ვამბობდე,
არ ვიყო ჭკვაზე მცდარეო,
კინაღამ შენზე სამშობლოს
აზრები შეუცვალეო.
ხომ ჰხედავ, კარგი ყოფილა
თავის მშობელი მხარეო.
მაშ ისევ იგი გერჩივნოს,
იმასვე დაეხმარეო.
სხვის ლოცვას იმის წყევა სჯობ,
ვით დედის სიტყვა ცხარეო, –
თავში შვილისთვის მწარეა,
ბოლოს კი ტკბილზე მტკბარეო.
მადლისთვის მადლობას გიხდის
შენი მშობელი მხარეო.
ალალი არი შენზედა,
იშვებდი, გაიხარეო!
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა