ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

ვიწვები, გარსა ცეცხლი მარტყია

ვიწვები, გარსა ცეცხლი მარტყია, ალს მცემს თვალ-პირში გაჩაღებული. ორივ გულს მიკლავს, თვალთგან ცრემლს მადენს მაწამებელი და წამებული. როდი-ღა ვიცი, საით წავიდე, გემს სად ვუპოვო ნავთ-საყუდარი. სად დაისვენოს გრძნობამ და ფიქრმა, არა ვნახო რა განაფუჭარი? აღარ მწადიან თვალით რამ ვნახო, აღარ მწადიან მწარე რამ ვიგრძნო, აღარ მწადიან ტანჯულ სიმართლის ჩამობღარული სახე-ღა ვიცნო. მივმართე მწედა ბუნების წიაღს, მთებსა მაღლებსა, ტყეს დაბურვილსა; ასე მეგონა, დავისვენებდი, იქ მივაღწევდი ჩემსა სურვილსა. მაგრამ მოვტყუვდი, დიდად მოვტყუვდი, დღესაც ვერ ვხედავ წყლულს განკურნვილსა. დამდევნებიყვნენ ცხოვრების ხმები, იქაც მიპოვნეს, ჩამისხდენ გულში, კვლავ აბოჟირდენ, კვლავ ამატირეს და მომიმატეს წყლულები წყლულში. ამიტომ ვდგევარ დღეს ამ ფიქრზედა: მოსასვენებლად ვარგა საფლავი. ცხოვრების გარეთ კაცმა ვერ ჰპოვოს ვერსადა ძვალი გამოსახრავი. უნდა იქ დადგეს მტკიცედ, მედგრადა, სად ცხოვრებისა სჩანს კარგი, ავი; ბრძოლა იმასთან გვაძლევს შვებასა, ცხოვრებაშია რაც გულსაკლავი. არ გაიქცევა არსად სამარე, – იმას დაუდგეს ორივე თვალი! – არ შაიძლება, უნდა იხადოს ცოცხალმა კაცმა სიცოცხლის ვალი
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა