ვაჟა-ფშაველა
პოემა
1902

უიღბლო იღბლიანი

(ზღაპარი) I იყო და არა იყო რა, – ასე იწყება ზღაპარი: ყოფილა ერთი ოჯახი, უბადლო, არ ჰყავს სადარი; სამს ძმას სამება სწყალობდა, მისი კალთა აქვთ საფარი. მსურს გითხრათ მათი ამბავი, სიცრუვ-სიმართლე რაც არი. ჯერ ხანად მე და ჩემს სტვირსა არ დაგვდგომია ზამთარი, – გული საგრძნობლად და ენა გრძნობის სათქმელად მზად არი. ეს ფიქრი მტანჯავს მხოლოდა, როგორც თავის მსხვერპლს ჯალათი: უსამართლობა სიმართლეს რისთვისა სჯაბნის ძალათი? – ზოგს ნიჭი მისცა უფალმა, ყოფა-ცხოვრების დავლათი; სხვას დაუწესა მკლავზედა სამთხოვარაოდ კალათი; ლხინის, ქორწილის შემდგომა გამწყრალი მოდის მაყარი და, ერთ დროს მლოცველით სავსე, დანგრეული სდგას საყდარი; ზოგს ამოჰშხამდა თვის ლუკმა, ალალის ოფლით ნაღვარი, სხვას შეჰრჩა, კიდეც შაერგო სარჩო ნაქურდალ-ნაპარი. გულის სიმთ ამაჟღერალი სწორედ მიზეზი აქ არი. განსაჯეთ თავ-თავისადა, ვისაც რამ გქონდესთ მიზანი: ფიქრთაგან ერთი მკვიდრია, ხოლო მეორე – ხიზანი… II ძმებს ურიცხვი ჰყავთ ცხვარ-ძროხა, ცხენ-აქლემების ჯოგები, თითონაც ეცვათ ტანზედა ბუზმენტიანი ჩოხები, როგორც ვარსკვლავნი ცაზედა, მინდვრად სჩანს იმათ ძროხები. უსამზღვრო სახნავ-სათიბი, ზვრები თვალ-გადუწვდენელი, ქვევრები ზოგი ღვინისა, ძირზე სარცხ-დაუწვდენელი, სხვები, ძველებურ წესზედა, სულ ოქრო-ვერცხლით სავსეა, თუ ღმერთი კეთილად გვხედავს, რად გიკვირთ, მუდამ ასეა. ყველას, რაც კაცის გულს უნდა, აქა ჰპოვებდით უხვადა, ყველანი ნაქებნი იყვნენ მოამაგდარე მუშადა. ქალებიც კაცებს ჰშველოდნენ, შინ როდი ისხდნენ კრუხადა! ვინ გაიმეტებს ამ ოჯახს დასანგრევ-დასაღუპადა?! იმათ დარბაზით ისმოდა მუდამ ლხინის ხმა, ღრეობა. ასეთ ლხინს ვერ შაესწრობა თვით ალავერდის დღეობა. მაგრამ კაცთაგანს მრავალსა თვალი აქვს შურის მთოვნელი. „ვინ მისცათ ამდენი სარჩო?“ – ამას ამბობდა ყოველი სტუმარი, ვინაც შეიქმნა იმათ პურ-ღვინოს მწოვნელი; გლახაკიც მრავალი მოსდით, ერთხელ გაძღომის მთხოვნელი. ორი ძმა ბევრს ყურს არ უგდებს გლახაკებს, იმათ ხახებსა, მხოლოდ საბრალო ჰმასპინძლობს პურით და ღვინით საწყლებსა. ეს უმცროსია, გუდაშიც ყველას ჩაუდებს საგძლებსა. უყურეთ ბედის სიმუხთლეს, – უბედურობის რჩოლასა: უკუღმა მიდის მათ ბედი, სასვაოდ შეიქმს სრბოლასა. უფალმა ბრძანა, – რას იზმენ, თუნდ ალოცვინონ მოლასა, მაინც ვერსიდან შესძლებენ ძველებრ საქონლის ყოლასა, ვერც პურის, ვეღარც ღვინისა, ვეღარც ფულების ქონასა. აღარ აქვს მადლი და ხვავი ძმების ოფლსა და შრომასა. ბედი ხან ბატონსა სწყალობს, ხან გაუღიმებს მონასა! ცხვარიც ილევა, ძროხაცა, ზვრებმაც როდიღა დაისხა, ყანებიც მოსცდა, ხუთს წელსა თავთავი აღარ აისხა. გაბრაზდა მიწა, გაჯავრდა, გულში ნაღველი ჩაისხა მარტო ამათთვის, – სხვას ბევრსა უებრო მისცა ნაყოფი, ბევრს ღვთის ამარად შთენილსა მისცა საზრდო და სამყოფი. III ქვეყნის ყბა მოუღალავი ბევრის რისმეა მთხრობელი. სამს ძმაში ორსა სწუნობდა სჯა-ფიქრით გამომცნობელი, უმცროსს-კი ალალს ეძახდა უზარმაზარი სოფელი. „კაცია, ქვეყნის ბადალი, დედა უცხონდა მშობელი!“ ერთიც არ გამოჩენილა ალალ-მართალის მგმობელი. იგი მუშაობს ერთგულად, წელებზე იდგამს ფეხებსა, ცხავ-ცხრილებსა ჰქსოვს მართალი, სთლის ნიჩბებს, სჩორკნის კეხებსა, სოფელ და სოფელ ატარებს, ჰყიდის, ავაჭრებს გლეხებსა. ჰფიქრობს საბრალო მუდამ ჟამს ოჯახის შესამეტებსა. თავის გარჯასა და ოფლსა არავის დააკვეხებსა. არა თაკილობს საბრალო ასეთს ხელობას გლახურსა. სხვას არ შაეძლო ეს საქმე, ისეთ სიმდიდრე-ნახულსა, ეხლა აყუდებს ნიჩაბსა, წინანდელს თავის მსახურსა. თან ეტყვის: „ძმებო, ნუ გიკვირსთ, ღვთისია ჩვენი ქონება, მანამდე ჰნებავს – გვაკუთნებს, როს სხვად გაუჭრის გონება, ისევ წაგვართმევს თავისას, ჩვენ ან რა გვეთქმის მაზედა? ხომ იცით, ხან ყინული წევს, ხან ყვავილია მთაზედა?!“ იტყოდენ, ვინცა ჰნახავდა: „ეგ ომარაანთ ბიჭია. ახ, რა ოჯახი დანელდა, როგორ დაჰკარგეს ნიჭია. როგორ ერთბაშად დაეცნენ, რა გამოუტყვრათ ხინჯია?!“ ცდილობს ეწამლოს რითიმე დავრდომილს ოჯახს, ბეჩავსა, ამის გულისთვის ირჯება, ათასს ხელობას ჰბედავსა. ძმები კი ნაორგულარსა ჰმალვენ ცოლების სკივრშია, ალალს ძმებისგან ღალატი არც კი გაუვლის ფიქრშია, თუნდაც გაიგოს, არავის ის არ გაიწვევს კრივშია. მის საზრუნავი ის არის, რით გაალაღოს ძმებია, თითონ თუნდ ერთი ფირქლიცა ჯიბეში არა სდებია. ცდილობს ყოველის ღონითა, ერთგული ჰყვანდეს ძმობასა, აორკეცებდეს მხნეობით სახლის კეთილის-ყოფასა. უზიდავს სალაღობელსა რძლებს, ძმისწულებსა, ყველასა, თითონ კი გლახაკად დადის, ატარებს ჩოხის ძველასა. ჰფიქრობს: ძმებს კარგა ტანთ ეცვათ ძვირფასი ფარჩა რაც არი, თითონ – თუნდ ხამის პერანგი, იმათი გამონაცვალი. იმათთვის საზრდოდ ენატვრის მუდამ თაფლი და შაქარი და თითონ კმაყოფილია, თუ აქვს ნაფშრუკი ნაცარი. IV არ იქნა, ერთის სიმართლემ ვერ გამოიხსნა ოჯახი, ვერას ჰშველს იმას საბრალო, თუნდ გახდეს ასჯერ ყოჩაღი. გასაწყლდენ, მაინც გასაწყლდენ: სამი დღის უდგათ ფეტვია, არსად არ მოეპოვებათ ნახნავი ამის მეტია. გაღარიბებულს ოჯახსა
1 / 11
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/