ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

უფროც დაბნელდი, ღამეო

უფროც დაბნელდი, ღამეო, ეგებ დავკარგო ბილიკი, – კლდიდამ გადვვარდე წყალშია, მორევს რომ გააქვს ლიკლიკი. ეგებ დამძიროს მორევმა, ქვიშაში დამეძინოსა, წყალნი იმ არაგვისანი უბეში ჩამედინოსა; მესმოდეს დაულეველი ზვირთების ჩქეფა, ზრიალი, გასწვრივ-გასწვრივი შხაპუნი, პირ-ქაფიანი ტრიალი; ძმის საფლავზედა დებური გულს მუშტის ცემა, ღრიალი, წყლის მხევის ორაგულისა ორკაპის ბოლოს შრიალი, – ფშათი, იმ წმინდა წყლიანთი, წვეთთა წკაპ-წკაპი, წკრიალი… ნუ ეძებ გზასა, ლურჯაო, ნურცა ჰღონდები ძმისადა; მე თავი ჩამიბარებავ ჩემის არაგვის წყლისადა. თუ შენ ცოცხალი გადაჰრჩე, წადი, დედაჩემს უთხარა, რომ მოვკვდი უპატრონოდა და არაგვი მაქვს სუდარა. უთხროდი: „შენთვის, დედაო, მაინც ხომ ვიყავ ურგები“. არ დამიღონდეს, ვენაცვლე, ცრემლი არ ღვაროს მწარია; ერთი სანთელი დამინთოს, – ისიც არამი არია ჩემფერა შავ-ბნელ შვილზედა, განაღამც გლოვა-ზარია?!
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    უფროც დაბნელდი, ღამეო | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში