მოთხრობა
ტყის კომედია
მოქმედება პირველი
გამოსვლა პირველი
პ ი რ ვ ე ლ ი თ ა გ ვ ი.
(დაბურულ ტყეში დიდ მუხის ფესვებთან აბუზულა და სტირის. მის გვერდზე პატარა ამოჩიჩქნილი ორმო მოსჩანს. მეორე თაგვი მორბის, პირველს ვერ ამჩნევს, უნდა გასცდეს).
თებრონე, თებრონე! მოიხედე აქეთ, ყურს აღარ მიგდებ? გამიგონე, მოდი აქ, მომხედე! (მეორე თაგვი შედგება).
მ ე ო რ ე თ ა გ ვ ი. დილამშვიდობისა! რა იყო, რა ამბავია? (მიუახლოვდება). სონა, შენა? რა დაგმართნია, რა გატირებს?
პ ი რ ვ ე ლ ი თ ა გ ვ ი. რაღა რა მატირებს?! დავიღუპე, დობილო, დავიღუპე! აი, დაჰხედე ამ ორმოს. იმ შეჩვენებულს, იმ წყეულს ვიღაცას დაუცარიელებია. მერე, იცი, რა თხილი მქონდა შენახული, სულ საუკეთესო, გადარჩეული. ამოუთხრია, ამოუღია ვიღაც რჯულზე ხელაღებულს! დამსვა ცარიელზე იმ ღვთისაგან წყეულმა, ეგები ჩემის ცოდვით კბილები დასცვივდეს და თვალები დაეთხაროს.
მ ე ო რ ე თ ა გ ვ ი. შხამად შეარგოს! არა, იმ ოხერს, რა ამაგი ჰქონდა გაწეული, რომ ეგრე უღმერთოდ და უნამუსოდ მოქცეულა?!. მაჩვი, ღორი, ან დათვი იქნებოდა. (თვალებს დიდად ახელს). უეჭველია, თაგვთაგანი მაგას ვერ გაბედავდა ვერავინ, რადგან შევუტყობდით და დაისჯებოდა სასტიკად. სხვის საკუთრების ესე უხათროდ მოპყრობა კაი საქმე არ არის.
პ ი რ ვ ე ლ ი თ ა გ ვ ი. რის კარგი, გენაცვალე! ასეთი უხათრო ზნეობა და ყოფაქცევა თუ გამეფდა ტყეში, სათაგვეთი სულ გასწყდება, ამოვარდება. ხუმრობა საქმეა?! საით სადა ვზიდე, სულ თითო თხილობით ვაგროვე, ვაკოწიწე; ზამთარში, განა არ იცი, როცა თოვლს დასდებს, საზრდოს შოვნა ძნელია და ვაი იმის ბრალი, ვისაც საკუჭნაოში არაფერი აბადია, ამოსძვრება სიმშილით სული. მერე, ამ ორმოს საქორწილოდ ვუფრთხილდებოდი. განა არ იცი, ბიჭი დასაქორწილებელი მყავს და გოგოც გასათხოვარი. აბა, ეხლა საით როგორ გავუძღვე ამოდენა ხარჯსა! ერთადერთი ორმო თხილიღა მაქვს შენახული, აგერ იქ, ხევ-გაღმა და იმით რომელ ერთ ხარჯს გავუძღვე?
მ ე ო რ ე თ ა გ ვ ი. (თავს აქეთ-იქით იქნევს). მაშ, მაშ! ჰმ! ჩვენში კი დარჩეს და ერთი რამ უნდა გითხრა. მართალია, ღორსა, მაჩვსა და დათვს დავაბრალე (თხილის ორმოს ათვალიერებს), მაგრამ არა, ეს არც ერთის ბრალი არ უნდა იყოს! ორმოს ზედ მუხის ფესვი აფარია. ყოჩაღ, გცოდნია სად და როგორ გააკეთო ორმო. ეგრე უნდა. ღორს ან მაჩვს რომ ამოეთხარა, უეჭველად ფესვს ამოგლეჯავდენ და დიდათაც ამოსთხრიდენ; მე, ვიდრე ხერხს ვისწავლიდი, სად როგორ გამეკეთებინა თხილის ორმოები, ბევრი თხილი შევწირე იმათ გაუმაძღარს ლაშ-პირს… ეს თაგვის ოინია. (დაბალ ხმაზე). სიმშილაანთიდან მუდამ ღამე ორონტრიალის, ტაშ-ფანდურის და ჭიანურის ხმა ისმის; საიდან? როგორ? (პირველი თაგვი ყურებს ასცქვეტს).
პ ი რ ვ ე ლ ი თ ა გ ვ ი. სთქვი, სთქვი! (სახე უბრწყინდება). რაღაც ახალი გინდა სთქვა და იქნება გამოდგეს.
მ ე ო რ ე თ ა გ ვ ი. ახალს ამბავს გეტყვი და შენ იცი, რომ გულში გექნება და ჯერჯერობით არ გამოამჟღავნებ. ცოტა ხანს ყური ვუგდოთ… ჰოო, იმას გიამბობდი, სიმშილაანი, განა არ იცი, რაც ოფლის პატრონნი ბრძანდებიან. ამ ორის კვირის წინად თავად სიმშილა დადიოდა და დამთხოვარაობდა კარდაკარ, ჩემთანაც მოვიდა: ღონეს გამხადე, ერთი ათიოდე თხილი მასესხეო. მე უარი ვუთხარი და წავიდა. ვგონებ… ვგონებ კი არა, ნამდვილია, რომ სხვებმაც არაფერი მისცეს და ყველა იმას ეუბნებოდა, ამ ზაფხულს სად იყავი, რატომ არ იშრომე, არ გაისარჯეო. აბუზული დადიოდა.
პ ი რ ვ ე ლ ი თ ა გ ვ ი. უყურე შენ! უყურე, დაიცა, აქ საქმეა! მოიცა, მერე?
მ ე ო რ ე თ ა გ ვ ი. მერე შევხედო, მეორე, მესამე დღეს ჭიანურისა და არხალალო-ვარხალალოს ხმა ისმოდა სიმშილაანთაგან. ბიჭოს!.. ეს რა ამბავია? – მე ჩემთვის ვიფიქრე, – ნუთუ ყველა ეს სიმშილის ბრალია? თავად სიმშილა ისეთ ბუქნაში ამოდიოდა, რომ ქუდი ცაში და ტანისამოსი ცეცხლში გადადიოდა.
პ ი რ ვ ე ლ ი თ ა გ ვ ი. ჰოო, მაშ, ბევრი კვალის კვლევა საჭირო აღარ არის. რასა ჰმალავდი, წეღანვე ემაგრე იტყოდი, შე კარგო ადამიანო?!
1 / 5
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა