პოემა
თუ ვინმე მოდის
*
* *
„ალაზნის თავსა, კლდის თავსა,
სისხლის წყარონი დიანო.
არცა ჰსმენ მონადირენი,
არც როდის დაშრებიანო.
ის ურჯულონი ლეკები
სასმელად გადმოდიანო“.
Ι
თუ ვინმე მოდის, მოვიდეს,
ხანი წავიდა თმენისა,
ბარსაც სიცრუვე, მთაშიცა –
წაწყმედა არის ქვეყნისა.
ეჰ! ვამბობ, თორო რა ბარი:
დიაცთ სალახი ბოსელი.
მტრის ფეხის მჩვარად ქცეული,
მხოლოდ კახურის მყნოსველი.
ჩვენც გაგვიჭირდა, ვილევით,
მუდამ-დღე რიცხვით ვმცირდებით,
ერთმანეთს გულებს ვუკეთებთ,
მტრის დამარცხებას ვპირდებით.
ბოლო კი უფალმა იცის,
ცოდნა იმისი სწორია.
ან ჩვენ, ან დაღისტნელები –
მეტი არ არის ღონია…
ცუდია, როცა ქვეყანას
პატრონი არა ჰყოლია!
წყაროსთან იჯდა ვაჟკაცი,
საყორნის ქედის პირადა –
მთებს მოსდებოდა ნისლები –
მწვერვალთ და მთების ძირადა.
მთა უჩაჩქნ-უმუზარადო
სანახავია ძვირადა!
თვითონ ვაჟკაციც ნისლს ჰგავდა, –
მათი იერი სდებოდა;
წელთ ხმალი, თოფი კალთაში,
გვერდით დამბაჩა ჰხლებოდა.
ვაჟკაცსა ხმალი ალაღებს,
დიაცს შვენება ტანისა, –
თვალთ მომხიბლავი ციალი,
თმა თუ ყორნის ფრთას ჰგავისა,
თუ ხშირად თავსა უბურავს,
თვითაც ვარდივით ჰყვავისა.
ჭკვას ვინ ჰკითხულობს? არავინ.
ყვავილს ვინ ჰკითხავს ბჭობასა –
ია საბჭოში ვინ ნახა,
ერთი მითხარით, ძმობასა?!
მაგრამ ვაჟკაციც ვერ ვაჟობს,
თუ მტერს ვერ უზამს მტრობასა.
გაუცუდდება ულვაში,
ყველა დაუწყებს გმობასა.
ვის არ ურჩევნავ სიკვდილი
აუგიანად ყოფასა?!
გაუჩენლობა სჯობია
უკეთურაის შობასა.
ΙΙ
მტერმა აიკლო ქვეყანა,
სისხლის ღვარები დიოდა.
ყველა ჩვენ გვიტატანებდა,
ვისაც კი სისხლი ჰშიოდა.
იმ თავით აქამომდისა
ქართველს ცრემლები სდიოდა.
რას უშველიდა მის ნაღველს,
თუ მთას არწივი ჰკიოდა?!
ვინც კაცი იყო ძველს დროსა,
ივერის ბედსა სტიროდა.
ქვეყანა იღუპებაო,
იგი ხმა-მაღლა ჰყვიროდა.
უბირთა გროვა ჭკვა-თხელი
ამ დაძახილსა ჰკვირობდა.
კარგები იჟლიტებოდენ,
უკეთურები რჩებოდენ.
ბეჩავთ რა უნდათ მის მეტი,
ოღომც პურ-ღვინით ძღებოდენ!
ნატანჯი ბედი, ნათელი,
დღეს მოვათრიეთ კარადა.
სულის-მებრძოლი წინ გვიწევს, –
უნუგეშოა, ავადა.
ჩვენც იმას ვამბობთ; „რა უშავს,
მორჩება თავის-თავადა!“
ხმალს რა დაიჭერს, არ გაგჭრას,
ფარი თუ არ გაქვს მფარადა?!
ვინც ქვეყნის წყლულით წყლულ-ქმნილა,
მხოლოდ იგი მყავს ხატადა…
ვკვდებოდე, მაინც მოვიცლი
მე იმათ დასახატადა.
მოდით, თვალებს წინ ამიჩნდით,
გმირნო, გარჩევით გხედავდეთ.
თოფ-იარაღში ჰსხდებოდეთ,
გალაშქრებასა ჰბედავდეთ.
თქვენთან-ა ჩემი სულ-გული,
თქვენკე ჰქრის ჩემი ოცნება.
უთქვენოდ უსიცოცხლოა,
ძალას ვერ იჩენს გონება.
თქვენ მოგიგონებთ, გულიდამ
ეკლის ჭრო მომეფონება.
მომავალისა იმედი
თქვენს საქმეს შაეწონება.
რა კაცი ვუთხრა იმასა,
ვისაც არა სძულს მონება?!
ΙΙΙ
– სადიური ხარ, ძმობილო,
აქ რად ხარ, რისთვის ირჯები?
– თუში ვარ, მთის ყარაული,
უნდა მომსლოდენ ბიჭები, –
ვუცდი და არავინ მოდის,
რა მიზეზია არ ვიცი,
საქმე აუჩნდათ და ალბათ
მისთვის გატეხეს მათ ფიცი.
ათასი გზა აქვ ლეკებსა –
რაკი გაშრება ქედები –
კახეთსაც ატირდებიან
ზარით კახეთის დედები…
რა ტყეს დაესხმის ფოთოლი,
ამწვანდებიან გორები, –
მკალიასავით დაიძვრის
დაღისტნელების გროვები.
დაიტაცებენ ტვეებსა –
ქართლ-კახეთისა არესა,
მიუდისთ ცხვრის ფარასავით
იმ დაღისტანის მხარესა.
თუ მოვასწარით, ვაი მათ,
მღერას შეუცვლით გლოვადა,
თუ არა, შეუყრელობა
გვრჩება სავარმო ხსოვადა.
——
ცას სისხლის სვეტი ავიდა –
მზე ძაძას იცვამს ტანზედა.
ურიცხვი ლეკის ლაშქარი
ნისლივით დაწვა მთაზედა…
. . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . .