ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

ცხოვრებამ არ შამიბრალა

(სიმღერა) ცხოვრებამ არ შამიბრალა, გულზე ისარი დამასო, თან იმას მეუბნებოდა: „უნდა დაგამხო, დაგავსო!“ ხალხიც მას ჩასჩურჩულებდა: „ბოროტს ფიქრებსა ჰმალავსო… დაჰკარი, ნუ შეიწყალებ ქვეყნის სიკეთის მპარავსო!“ იმას აღარვინ ფიქრობდა, თუ მეც რამ ძალა მფარავსო: წყლული მზედ გამომესახა, შუქით ხმელეთი აავსო… არ ჰქონდა რიდი და ხათრი, ვეგულებოდი კენტადა და მიტომ ხმალიც მიქნია მოსაკლავ-გასაკვეთადა. დაკრული სარგოდ მომიხდა, თუმც სამავნებლოს ეცადა. რამდენიც დამკრა, იმდენი მე ავიწიე ზეცადა. ადამიანად ვისახვი, მგმობლები დარჩნენ მხეცადა. და დავდეგ ცა-ქვეყნის შუა ქედ-მოუდრეკელ სვეტადა. მორჩა, ვეღარვინ შემმუსრავს, რაც უნდ ეცადოს მეტადა. და თუნდა მთელი ქვეყანა დამატყდეს ურო-ხვედადა, წარბ-შეუხრელად ვყუდივარ ჩემთა წადილთა ბედადა. კარგების სალოცავი ვარ, მსახვენ მეორე ღმერთადა; ოღონდ მე ვყვანდე ცოცხალი, თავს დაიხოცენ ერთადა. ამოვშხამდები, თუ ვინმე მინდომებს დასაკვნეტადა!.. 14 იანვარი, 1904 წ. შენიშვნები და ვარიანტები: ხელნაწერი: ავტოგრაფები: ხელნ. ინსტ., № 182 (C) და ლიტ. მუზ., № 15634 (D). ნაბეჭდი: გაზ. „ცნობის ფურცლის“ სურათებიანი დამატება, № 191, 1904 წ. 8/II, (A); „ცრემლები“, 1909 წ. (B). თარიღი: 14 იანვარი, 1904 წ. D. ნაბეჭდი ტექსტი ორივეგან (A და B) ზუსტად ერთნაირია, ავტოგრაფებში კი მოიპოვება საკმაო ვარიანტული სხვაობა და შესწორებანი: 5 სტრ. ჯერ ყოფილა: ხალხიც მას ჩასჩურჩულებდა, – შეცვლილია: ბოროტნი ჩასჩურჩულებდნენ C. 6 ყოფილა: ბოროტს, – შეცვლილია: მავნეს C. 7 დაჰკარი, ნუ შეიწყალებ] მოკალი, ნუ შაიწყალებ D. „შაიწყალებ“ შესწორებულია და არის: შეიწყალებ C. 13 – 14 სტრ. D-ში აკლია, C-ში კი შემდეგ არის ჩამატებული; ჩამატებამდე მე-15 სტრ. ასე ყოფილა: იმანვე ხმალი მიქნია, – შემდგომ კი ავტორს ასე შეუცვლია: და მიტომ ხმალიც მიქნია. 16 სტრ. შემდეგ C-ში წაშლილია: ზოგნი ფიქრობდენ: ნაცემი გადაექცევა ქეცადა, გაბეჩავდება, გატყდება, გადაიქმნება ბეცადა. 17 – 18 დაკრული სარგოდ მომიხდა, თუმც სამავნებლოს ეცადა] დაკრული მისი ნახმლევი მეწამლა მეტის-მეტადა D. C-ში 24 – 26 სტრ. ფურცლის ბოლოს არის და მოხეულია. ამავე ხელნაწერში 31 – 34 სტრიქონთა ნაცვლად არის: მოკეთის გულის სალხინოდ, მტრის შამახვედრელთ ბნედადა. 29 წარბ-შეუხრელად] წარბ-შაუხრელად C. 35 ამოვშხამდები] ამოჰშხამდება C. D ავტოგრაფი, ჩანას, ადრინდელია და მისი ბოლო ნაწილი უფრო ძლიერ არის ნასწორები: აქ 19 – 30 სტრ. ნაცვლად ჯერ ყოფილა შემდეგი სტრიქონები: რამდენიც დამკრა, იმდენი მე ავიწიე ზეცადა და დავდეგ ცა-ქვეყნის შუა ქედ მოუდრეკელ სვეტადა. წარბსაც ვერ მიხრის ვერვინა ჩემთა სურვილთა ბედადა. ეს სტრიქონები გადახაზულია და სამაგიეროდ ჯერ ყოფილა: ზოგნი ფიქრობდენ: დაკრული გადაექცევა ქეცადა; მაგრამ ტყუილად, – პირაქეთ, მე ავიწიე ზეცადა. შემდგომში ეს ადგილი ასე არის შეცვლილი: ზოგნი ამბობდენ: ნაცემი გადაექცევა ქეცადა, გაბეჩავდება, გატყდება, გადაიქმნება ბეცადა. დაკრული სარგოდ მომიხდა, თუმც სამავნებლოს ეცადა, – რამდენიც დამკრა, იმდენი მე ავიწიე ზეცადა. საბოლოო ვარიანტის სწორება-განსხვავებანი ამ ავტოგრაფში ასეთია: 22 ჯერ ყოფილა: მთქმელები, – შეცვლილია: მგმობლები. 23 ცა-ქვეყნის შუა] ცა-ხმელთა შუა. 27 ქვეყანა] ხმელეთი. 28 ჯერ ყოფილა: გადიქცეს, – შეცვლილია: დამატყდეს. 29 წარბშაუხრელად] წარბ-შაუხრელად. 30 სტრ. შემდეგ ზედმეტია: მოკეთის გულის სალხინოდ მტრის შამხვედრელი ბნედადა. პირველი ლექსი ამ სტრიქონებით ყოფილა დაბოლოებული, რასაც ადასტურებს ის, რომ თარიღი აქ არის მოწერილი: „14 იანვარი, 1904 წ.“ შემდგომში ავტორს აქ ჩაუმატებია კიდევ ორი სტრიქონი: „ათასჯერ შავეწირები ჩემს გულის სატრფოს მსხვერპლადა“. მაგრამ ეს სტრიქონები ისევ წაშლილია და სამაგიეროდ ბოლოში მიწერილია უკანასკნელი ორი სტრიქონი (35 – 36), ჯერ ასეთი სახით: ამოვშხამდები, თუ ვისმე ვუნდივარ დასაკვნეტადა საბოლოოდ კი ეს სტრიქონები ასეა შეცვლილი: ამოვშხამდები, თუ ვინმე მინდომებს დასაკვნეტადა.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ცხოვრებამ არ შამიბრალა | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში