ვაჟა-ფშაველა
პუბლიცისტიკა

ცოტა რამ ჩვენი ცხოვრების ავ-კარგისა

(ზოგადი შენიშვნები) აზრის წარმოთქმა რომელიმე საგანზე თვით საგნის შეუსწავლელად და შეუგნებლად მხოლოდ რეგვენს ადამიანს შეუძლიან. რეგვენი, უმეცარი ადამიანი მსჯელობაში მუდამ თამამია, გაბედული. იმას, თუ ცოტა ოდნად აქვს ძალ-ღონე მსჯელობისა, ოდნავ მაინც ამოძრავებს გონებას და რაიმე აზრმა გაურბინა თავში, მაშინვე თავის თავი წარმოუდგება თვალწინ და თამამად იტყვის: ჰა, ვიპოვე, ნამდვილია! სწორედ ასეა. მაშ რად მომივიდა თავში ეს ფიქრი, თუ კი ნამდვილი არაა?! „მომივიდა ფიქრად“ იმისთვის სრულიად საკმაოა სიმართლის, სინათლის სათქმელად და დასამკვიდრებლად. დიაღ, „მომივიდა ფიქრად“-ო, ამან ძალიან განზე გაშალა ჩვენში ფეხები: მოუვიდა ერთს ფიქრად პოეტი უნდა ვიყოვო და გახდა კიდეც; მოუვიდა მეორეს ფიქრად გაისტორიკება, გაისტორიკდა. მოუვიდა მესამეს ფიქრად უნდა საქართველოს საქმეთა მოთავედ გავხდეო, გახდა. მაშასადამე „ფიქრად მოსვლას“ ძალ-ღონე ჰქონია? აქვს და მაგრე! ფიქრად მოსვლა შეიცავს წადილს, ნდომას; თუ კაცმა არ მოინდომა, ვერაფერს გააკეთებს; ეს ცხადია: კოლუმბს, რომ ფიქრად არ მოსვლოდა კიდევ სხვა ქვეყანა უნდა არსებობდესო გარდა იმ ქვეყნებისა, რაც იმ დროის კაცობრიობამ იცოდა, ხომ არ ამოაჩენდა ამერიკას? ჰო, ეს მართალია, მაგრამ ის კოლუმბი იყო და ჩვენებური კოლუმბები სხვა ჯურის კოლუმბებია, ფიქრად არა კმარა მარტო, ფიქრს უნარიც უნდა შესწევდეს. ამას ესენი არ დაგიდევენ, რადგან მარტო „ფიქრად მოსვლაა“ საჭირო და სხვა არა-რა. რადა? მადა, რომ უკაცრავად თუ არ ვიქნები ამ სიტყვაზედ, ჩვენი საზოგადოება ჯერ კარგა მანძილზე უკანა დგას დაწინაურებულ ერთა საზოგადოებაზე და იმიტომ შეუძლიან იქ ყოველგვარმა რეგვენმა აზრმა, რეგვენმა კაცმა ინავარდოს. როცა საზოგადოებას მართალი სასწორ-საზომი არ უჭირავს ხელში და, ნუ, უკეთ რომ ვსთქვათ, სრულიადაც არ მოეპოვება ისინი, რა თქმა უნდა იმისთანა საზოგადოებისაგან ფულისა და გულის მოგება ადვილია: გირვანქა შეგიძლიან ათ გირვანქად ამუშავო, გოჯი – ადლად… ეს „ფიქრად მოსვლა“ კიდევ რაც არის – არის, ჯანდაბას იმისი თავი და ტანი, უბედურება ისაა, ხანდახან მის ადგილს იჭერს ფ ი ქ რ ი ს ჩ ა ძ ა ხ ე ბ ა. ჩასძახებ და ამოგძახებს ქვევრივით. ნუთუ ეს კი ცუდი თვისებაა კაცის გონებისა, რომ სხვის ფიქრი მიიღოს, გაიზიაროს?! ესეც ისევ კაცზეა დამოკიდებული: იმ ჯურის ადამიანთათვის, რომელიც ზევით მოვიხსენიეთ, მეტად საშიშად მიგვაჩნია: ამ გვარს ხელს შეიძლება მადლიანმა კაცმა მრავალი მადლი ჩაადენინოს, მაგრამ უმადურმა და უმადლომ კი მრავალი ცოდვა, ბევრი სამავნეო; ამგვარი კაცნი სხვის ხელში იარაღად ხდებიან, მუშაობს იმათის საშუალებით სხვა, ერთი, ან ორი ადამიანი სჩარხავს თავის საქმეს, ბევრს შემთხვევაში, უკუღმართს, ქვეყნისთვის საზარალო, საზიანოს. ისინი მაინც საიმედონი არ არიან, არ არიან იმიტომ, რომ დღეს აგებულს ციხეს ხვალ წიხლსა ჰკრენ და დაშლიან. გუშინ, ვისაც, „ვაშა“-ს მიუძღვნიდენ, დღეს იმაზე „ჯვარს აცვითო“, იძახიან. რატომ? მიტომ, რომ დღეს სხვამ სხვა ფიქრი ჩასძახა… –––––
1 / 4
წყარო: https://poetry.ge/