ვაჟა-ფშაველა
პოეზია, საბავშვო

წიწილა

ქორმა წიწილა წაიღო, იძახდა “წიავ-წიავსა!” წიწილის თეთრი ბუმბული ველად გაჰქონდა ნიავსა... ღვარი წავიდა სისხლისა, წალეკა მთა და ბარია: არაგვს გზა დაათმობინა და გადათელა მტკვარია. ისმოდა ბებრის ეზოში კრუხის ქვითინი მწარია... მოჰსლოდენ მოკეთეები: კრუხნი, მამლები, ვარია, - ნათესაობა კრუხისა, მთელი იმისი გვარია. ცრემლი იქცევა ქათმების, დიდი გლოვა და ზარია...
წყარო: https://poetry.ge/poets/vazha-pshavela/childish/2716.tsitsila.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა