სიმღერა
თაგვის სიმღერა
თაგვმა თქვა თაგვიანიძემ,
გამწარებულმა წყრომითა:
სორო ავავსე თხილითა
დიდის ტანჯვით და ომითა.
საზამთრო საზრდო მოვზიდე,
რომ არ მოვეკალ სიმშილსა;
გაჰკვირდა მთელი დუნია
ჩემს აქეთ-იქით სირბილსა!
რამდენჯერ ჩხიკვმა მიტია,
რამდენჯერ უშნო ძერამა,
არ შევდრკი, მაინც ვიმხნევე,
ვერ დამაშინა ვერამა.
მაგრამ ბოლო დროს, უყურეთ,
მიმტყუვნა ბედის წერამა:
შემომეჩვია თრითინა,
ამიკლო, გამაჩანაგა,
რაც რამ სოროში მებადა,
თავის გუდაში ალაგა;
მე გამამაგდო კარშია,
გამაწირვინა სახლ-კარი,
სულ თითონ დაისაკუთრა,
ჩემი ამაგი რაც არი.
დავდივარ უგზო-უკლოდა –
ჩემი მეშველი სად არი?
ულუკმაპუროდ დარჩენილს
განზე გამიდგა ამქარი.
ვიჩივლო? აბა ვისთანა,
როს ცხოველების წესია:
არავინ არ შაგიბრალებს,
რაც უნდა დაიკვნესია.
და სუსტი ტყუის ძლიერთან,
მთა-ბარად ყველგან ესია;
მართალი მუდამ ის არი,
ვისც ხმალი გაულესია.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა