პოეზია
თაგვი და კატა
კატავ, მოგიწერ თაგუნა,
თუნდაც გაბრაზდე ძლიერა,
კაკლის გროვიდან… ვქეიფობ,
ნუ გეგონები მშიერა.
ზაქრუას სხვენში გახლავარ,
ყურძნის ჯაგნების გვერდითა;
კიდობანი დგას თელისა,
ოთხ-კუთხი, ოთხის ფეხითა;
იქა ვარ სწორედ და აბა,
თუ თავი მოგწონს ხერხითა,
საომრად გიწვევ გულდაგულ,
არ გეუბნები კვეხითა.
მოდი და გამომიყვანე,
მე ვარ და გიწვევ თაგვია!
ვგონებ, რომ ბევრი იკნავლო,
ვერ მომიწვდინო კლანჭია;
თაგვს ვერაფერი დააკლო,
ჰნახე, როგორი ავია!
თავ-სისხლიანი გაგგზავნო,
დღე დაგაყენო შავია!
გეკითხებოდენ სწორები:
ძმობილო, რაზე ღნავია?!
კატის პასუხი
იცი, რამდენი მაცინა,
წრუწუნავ, შენმა წერილმა?
სიცილის ცრემლმა ულვაში
დამილბო ჩამოდენილმა,
რაკი საომრად მაწვიე
ვაჟკაცმა გამოჩენილმა.
ვით გაგიბედო მე ომი
ბწკალ-ჩლუნგმა, ჩამორჩენილმა?
მე კიდობანში რა მინდა,
განა ჭია ვარ, მატლია?
ისეთი გიჟიც გგონივარ,
და ეგრე ჭკუაც მაკლია?
შენ თავად მოხვალ ჩემთანა,
თუმც ძალიან ხარ ფრთხილია,
როს გაზაფხული დადგება,
შემოგაკლდება ხილია.
მაშინ შენს უნებურადა
ჩვენსკენაც ჩამოივლია.
მანამდე ვერაფერს გეტყვი,
ტყულად აღგძვრია ჟინია
ომისა. კაკალს შაექე,
სიმსუქნე შეიძინია;
გამოგადგება, როს ბრძოლა
გვექნება პირდაპირია.
შუბი შუბს ეგებებოდეს,
კბილსა ჰხვდებოდეს კბილია,
იძვროდეს მთელი სამყარო,
ცას ვარსკვლავები ხშირია.
წინ ვინ გარბოდეს, ეძებდეს,
რომ სადმე შეყოს ცხვირია,
ენატრებოდეს საფრადა
პაწაწკინტელა თხრილია,
ვინ ვის ეხვეწოს: „გამიშვი,
რისათვის დამიჭირია?
აღარ მაქვს არიაქათი,
ხომ მხედავ, როგორ ვსტირია?
ორი ორმო მაქვს კაკლისა
და მესამეში თხილია,
გთხოვ მააზატო, არ მომკლა,
სულ შენთვის შემიწირია!“
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა