პოეზია
თ. გიგლო ყარალაშვილს
(ჩემს ძველს ძმობილს)
მივიღე შენი უსტარი,
გულზედ დამესვა ისრადა.
არ დავივიწყებ, ძმობილო,
რაც ვალი მაძევს კისრადა.
მაშ რისთვინ მინდა სიცოცხლე,
სული რადა მჩრავ პირშია,
თუკი არ გამოვადგები
სამშობლოს გასაჭირშია?
მაშ რად გამზარდა დედამა,
რად განმიმტკიცა მკლავია,
თუკი სამშობლოს სარგოდა
იგი არ მოვიხმარია?
დედამაც ეს დამაბარა,
მასვე მაბარებს ფშავია,
უნდა ვიბრძოლო მედგრადა,
არ მომიკვდება თავია.
ცოტა ესაა: შენს არწივს
მოტეხილი აქვს მხარია.
ზარალობს სანაყრეშია –
საქმე ვერ მოვაგვარია.
სცხვენოდეთ ბარათაანთა,
შერცხვეს იმათი გვარია!
უდანოდ ყელი გამომჭრა,
ცეცხლზე დამისხა წყალია.
ნამეტნავ იმას, თიანეთს
პასრედნიკად რო არია,
პასრედნიკობა წამართო,
რუსების ნაბოძარია,
რა გაუჭირდა ისეთი,
რამ დაატანა ძალია?
როდის დამიცლის ადგილსა,
იქითკე მრჩება თვალია.
პირობა მომცა ისეთი:
მალე იქნება, ხვალია!
როდის იქნება, არ ვიცი,
ამ ერთ წელს დავაცალია.
თავადიშვილის ხელშია
ფშაველი შასაბრალია.
შენი კი მადლობელი ვარ,
რომ ჩემთვის მოიცალია:
მაქებ-მადიდებ ჭია-მღილს,
ცათამდე ამიყვანია.
და უფრო მიტომ, რომ ჩემი
. . . . . . . . . . . .
არ მიღალატე არა დროს,
ფხიზელ ვიყავ თუ მთვრალია,
ღვინო მასმიე ბევრჯელა,
როცა მწყუროდა წყალია,
თუ ბოლოს ჟამსა ძაღლობა
შენაც არ მოიხმარია
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა