პოემა
1913სვინიდისი
I
ჯერ ისევ სველი –
ძმის სისხლით – ხელი
ჰქონდა ძმის მკვლელსა,
ცოდვისა მქნელსა.
თან აქვს იმედი,
რომ მისი ბედი
აყვავდებოდა,
წყენა პირველ მკვლელს
აღარ ჰხვდებოდა.
დამბადებელი
შეიყვარებდა,
საბრალო კაენ
გაიხარებდა.
მკვლელს ჰნახავს ღმერთი
მხოლოდ მაღლითა
და მის ცხოვრებას
მოჰრწყავს მადლითა.
კაენის გული,
სავსე შურითა
და შელესილი
ფისით, მურითა,
გათეთრდებოდა.
როცა ძმის ხელით
აბელ კვდებოდა,
სიპისა ქვითა
ძმას თავს რომ სჭრიდა,
ატირდა ცაში
ვარსკვლავთა კრება,
ანგელოზთ გუნდიც
მათ გვერდით კრბება.
თვალთაგან ცრემლსა
წვიმასებ სცრიან
და ნორჩს ბუნებას
ტირილსა ჰგვრიან.
ზეცაში ზარი
ნელ-ნელა იკვრის,
„მოასვენებენ
მკვდარს“ ეს ხმა ისმის;
„სიკვდილი! მკვდარი!“
სამყარო იძვრის.
ეს საზარელი
ჩვენ შორის სიტყვა,
პირველად იმ წუთს
და იმ დროს ითქვა.
ბოროტ სულთა ბრბო
ახლო ხარხარებს:
ერთი მეორეს
იმას აბარებს,
რაც ეშმაკთ მოდგმას
დიდად ახარებს.
მაშინ შეინძრა
დიდრონი მთები
და აბობოქრდა,
აღელვდა ზღვები.
ტყე იღვრებოდა
ცხარე ცრემლადა,
ყვავილოვანი
მწვანე ველადა.
ნადირი ტყისა,
თევზები წყალთა,
ყოველი არსი
მთათა და ბართა,
ყველა შფოთავდა,
ყველა კვნესოდა,
ეს შემზარავი
ხმა რომ ესმოდა.
ააკანკალა
„სიკვდილმა“ ყველა
ბუზი-ბზუილა
და ჭიანჭველა.
ისმის ტკრციალი,
დიდი ზრიალი
მეტყველ-პირუტყვთა
ყოველ მხარესა;
და მაშინდელი
ჯერაც ატყვია
ჭუჭყი და მური
ცაზე მთვარესა.
აბელის სისხლი
იქცა დიდ ტბადა,
ნისლმა შესუტა,
ავიდა ცადა.
შემდეგ ამ ნისლმა
მთელი ქვეყანა
მორწყო სისხლითა
უხვად ყველგანა.
მას აქეთია
უძლურს ძლიერი,
როგორაც ცხვარსა
მგელი მშიერი,
ჰმუსრავს და ჰყლაპავს.
ხმელეთი სრულად
ზღვაა სისხლისა
და არ იწყნარებს
სჯაბნის ვინც ვისა.
კვნესით შობილნი
კვნესითა ვკვდებით,
მიწის საჭმელად
ბოლოს ჟამს ვხდებით.
II
მკვლელს შუა გზაში
დაეცა თავში
ლოდისა მსგავსი
უჩინო არსი.
ჩავიდა გულში,
ჩაუძვრა სულში,
მთელს მის არსებას
ჩაავლო ბრჯღალი.
უწყალო არი,
სახე აქვს მწყრალი.
ვისაც ეწვევა,
ვაჰ მისი ბრალი!..
ამბობს ენითა –
ქენჯნა-კბენითა,
ხან ტირილს იწყებს
ცრემლის დენითა.
ჰბაქავს და ებრძვის
ხმა იდუმალი:
„ბედკრულო! აბელ
რისთვის მოჰკალი?“
კაენი სწყრება,
ჯავრობს დიდადა.
ვეღარა ჰსუნთქავს
იგი მშვიდადა.
მან სამდურავით
მიჰმართა ღმერთსა,
წინაშე უფლის
ემდურის ბედსა:
„ეს დამაშორე,
მეუფევ, შენა,
რამაც ჩემს გულში
აიდგა ენა.
მაკმარე, ღმერთო,
იმ ხმისგან წყენა.
სიცოცხლე მწყურა
მშვიდი და ნაზი,
არ მომივიდეს
არაზე ბრაზი.
არ მინდა ვიყო
მე დარდის ბუდე:
მტკიოდეს რამე,
რაზედმე ვწუხდე;
სიცოცხლე უნდა
სიცოცხლეს ჰგვანდეს,
მწარე ფიქრები
გულს არა სწყლავდეს.
აბა, რასა ჰგავ
ესეთი ყოფნა:
შემდეგ ლხინისა, –
ტირილი, გლოვნა?
აბელს რომ ვკლავდი,
ვიფხანდი გულსა,
ვირჩენდი მითი
დიდის ხნის წყლულსა.
ეს ლხენა მხოლოდ
წუთისა იყო:
წინა დღის შვებამ
ბოლოს რა მიყო?
– სარჩობელაში
თავი გამიყო…
მაშინაც ეს ხმა
აბორგვდა, მწვრთნიდა.
აბელის მოკვლა
ძალიან სწყინდა,
„ცოდვაა“, – ამას
მეუბნებოდა, –
„ნუ, ჰკლაო, ნუო!“ –
მეურჩებოდა.
და დღეს ფიქრები
ჩემი მენვე მსჯის,
მთელი სხეული
მიშფოთავს, მითრთის.
უნდა დავიხშო
ეს მეორე ხმა,
სინანულისა
რაღაც გულის-თქმა.
რის კაენი ვარ,
თუ ვერ შევძელი,
მას, რაც ჩემშია,
დავრიო ხელი?!“
ხმა ციდან
გაჩუმდი, ნუ ხარ
ავი და ბრიყვი,
ჰმიეთ-ჰმოეთობ,
ურცხვო, რას იტყვი?
დიდი საუნჯე
მე შენ მოგეცი,
რომ ამემაღლე
მოსისხლე მხეცი.
შენ კი დასწიხლე
ეგ მადლი დიდი
და სჩივი, სული
რომ არ გაქვს მშვიდი.
შე უბედურო,
მით ღმერთს აგინებ,
როს შენს მწვრთნელს ხმასა
ეგრე აყივნებ.
კაენ
ავი გდომნია,
უფალო, ჩემთვის,
როდი ვიცოდი
საბრალომ დღემდის.
დღეს ამას ვფიქრობ,
რომ შევიძლებდი,
სიდან როგორმე
ხელს ჩავკიდებდი,
აბელის მსგავს დღეს
მას დავაყრიდი;
დავკეფდი წვრილად
და გადავყრიდი.
ხმა ციდან
ჩემ მაგიერი
ხმა ცნობიერი
მოგეც დარაჯად,
გეგრძნო არ ავად,
კეთილის მრჩევლად
იგი გყოლოდა,
შენ ყური გეგდო
მისთვის მხოლოდა.
არ უგდე ყური,
ჩაიდე შური
გულში შენ ძმისა,
აწ გევლინება
თავს რისხვა ცისა.
წყეული იყავ
ამიერიდან,
საცა კი ვიყო
ყოველი მხრიდან,
წყეული იყოს
შენის მოდგმისა
ვისაცა სწყინდეს
სიკეთე ძმისა,
კეთილი რჩევა
კეთილის ხმისა,
ვინაც არ მიჰყვეს
იმის ნებასა,
არ ასრულებდეს
დიდს ღვთის მცნებასა,
ღალატს ჰფიქრობდეს,
იმასა ბჭობდეს.
თავადაც მურდლად
ღალატით მოკვდეს.
ვიდრე ცოცხალ არს,
მის გულს შანთები
არ დაელიოს,
დასდვას ზადები.
მომავალს დროში
სჩანან წყეულნი:
ძმების გამცემნი,
გადარეულნი.
შხამით მთვრალები,
მოფარფატენი.
თავის სამშობლოს
მოღალატენი.
რად შევიბრალო,
თუ თავი თვისი,
უმანკო კრავი,
მსგავსება ღვთისი,
არ შეიბრალეს,
არ დაინანეს,
აქციეს ბუდედ,
ეშმაკის ზღუდედ?
წყეული იყოს,
შუა გაიპოს,
ვინც არ უფრთხილოს,
1 / 3