ვაჟა-ფშაველა
მოთხრობა

სვავი

ზაფხული იყო. მთა მწვანდებოდა. მაღლა მწვერვალებზე-ღა მოჩანდა თოვლი, დაბლა ხევებში – ზვავი. მწყემსებს გაერეკათ მთაში საზაფხულოდ ცხვარი და ძროხა, მაგრამ ბედს ემდუროდენ: ჭირი გაჩნდა, აუარებელი ცხვარი და ძროხა ილეოდა, იღუპებოდა; გატყავებას ვეღარ ასწრობდენ; მრავალს წყლის ნაკადულებს სისხლის რუები მიმატებოდათ. ხევებში ზვავებზე, ბინების, ფარეხების გარშემო ოხრად ეყარა მძოვრი. ფრინველთ და ნადირთ სანატრელი დრო დაუდგათ: ფარფაშობდნენ უზარმაზარი სვავები, ყაჯირები, ორბები, ყვავ-ყორნები; დამაძღრები, ლეშით გათოშილები, იქვე ახლო-მახლო კლდეებზედ სხდებოდენ, ფეხებით, ფრთით თან მიჰქონდათ სისხლი და ასისხლიანებდენ კლდის დეკას, ქუჩს, ურძნიანებს. II ერთი გამაძღარი სვავი კლდის თავზე იჯდა. სიმაძღრით ძლივსღა ქშინავდა, მაგრამ თვალებს უფრო მამაცად ატრიალებდა და სულხარბად დასჩერებოდა უფსკრულში ლეშის გროვას. – ხა, ხა, ხა! – სთქვა მან სიცილით ბოლოს, – უყურე, აბა, უყურე იმ ბრიყვს, იმ საცოდავს, იმ მატლს, იმ ბეჩავს! ნეტავი ერთი ლუკმა მაინც გამოვიდოდეს და მერე ეთქვა ჩემზე აუგი სიტყვა, მერე დავეძრახე. ღმერთმა შემარცხვინოს, სასწორზე აგვწონეთ, ძმაო, თუ ორი ათასი ბულბული არ ავიწონო. ჰაერში რომ შევინავარდებ, გავშლი განზე მხრებს, ათასი ვერსიდამაც კი დამინახავს ადამიანის თვალი და იმ მლივს, თუ თავს არ წაადეგ ვერც კი დაინახავ თვალით; მფრინავი არავის უნახავს, თურმე ჯაგებში, ბარდებში ძვრება და რაღაცას ჟღურტულებს და ამისთვის აქებენ. ჟღურტულებს თურმე მძინარა, თვალებდახუჭული. ჩემი თვალების ტოლა არც კი არის, რომლებიც არადროს არ მეხუჭება და მუდამ მზად მიჭირავს საჭმლისა და მძოვრისკენ. ის კი ჟღურტულებს და ჟღურტულებს, საჭმელ-სასმელი არც კი აგონდება და თანაც ჩემს წყევლა-კრულვას დასძახის არემარეს… – „ყრაანტ, ყრაანტ“! – მოისმოდა. სვავისკენ მოსეირნობდა შავი ყორანი. ჯერ გაეთამაშ-გამოეთამაშა გულზვიადად მჯდომარე სვავს, ფრთაც გაუტყლაშუნა ფრთაზე, უნდოდა ზეზე წამოეგდო, მაგრამ სიმაძღრით დამძიმებული სვავი რომ ვერ დასძრა ადგილიდან, მის გვერდით შორი-ახლო დაეშვა და ჩამოჯდა კლდეზედ. – ყორანავ, ყორანავ! – მიუბრუნდა სვავი ყორანს და მედიდურის კილოთი დაუწყო კითხვა: – როგორაო? რას მიამბობდი იმ დღეს ბულბულზე, ლამაზად მღეროდაო? ნეტავი მეც ბულბულად მაქციაო?! უჭკუოვ, უტვინოვ! – ჰო, იმასვე გიამბობ, რაც მიამბია შენთვის: მისი მღერა არ დამავიწყდება ჩემს სიცოცხლეში, და არ დაიჯერებ, მისი სიმღერის გაგონება აგერ იმ ლეშის გროვასაც კი მირჩევნია. – აბა როგორ იყო, როგორ? მიამბე! – დაეკითხა კვლავ სვავი. – მშვენივრად გალობდა, მშვენივრად! რამდენჯერ გავმძღარვარ ლეშით, სხვადასხვა ცხოვლისა თუ ფრინვლის ხორცით, ჩემს სიცოცხლეში ისეთი სიამოვნების წამი არ გამომივლია; მაშინ კი, როცა ბულბულის მღერას ვუგდებდი ყურს, ჩემმა გულმა ფეთქა დაიწყო, მისი ძგარა-ძგური, ხმაურობა თითონ მევე კარგად მესმოდა. მთელი ღამე არ დამდგარა, არ დაუსვენია. მთელი ჭალა იყო და ის. – შენ ღამე ჭალაში რა გინდოდა? – ამბობდა სვავი გაჯავრებით. – მინამ მთაში ლეში გაჩნდებოდა, ბარად დავდიოდი სადავლოდ. სანოვაგეს, ღვთის წინაშე, ბევრსაც ვხვდებოდი. დამეზარა მთაში წამოსვლა და ერთი ღამე ჭალაში ვათიე ერთ უზარმაზარ ბოკვზე. იმ ღამეს გავიგე ის, რაც ჩემს სიცოცხლეში არ გამიგია და იქნება კიდევ ვეღირსო ბულბულის ხმის გაგონებას. ამაღამაც იქნება წავიდე, აღარა მშია და არაფერი. წავალ, დავჯდები იმავე ბოკვზე და დავუგდებ ყურსა, დილაზე კი აქვე გიახლებით. იმავე ხეზე, მეორე ტოტზე, ყვავი იჯდა. თუმცა უგუნებოდ ბრძანდებოდა, მაგრამ თვითეულს სიტყვას ის მითარგმნიდა; მე მხოლოდ ხმა მომწონდა, სიტყვები კი არ მესმოდა. ყვავს ბულბულის ენა კარგა სცოდნოდა და დაწვრილებით მითარგმნიდა. განა არ იცი, ზამთარ-ზაფხულ ბარადა გდია და ადვილად შეისწავლიდა. – რას გითარგმნიდა, რატომ მეც არ მეტყვი? – სთქვა კვლავ სვავმა. – ბევრს რასმე, ვინ მოსთვლის! ყველა ვერ დავისწავლე, – უთხრა მას ყორანმა. -ცოტა რამ კი მახსოვს. აი თურმე რასა მღერის ბულბული: ამოდით ყვავილნო, შვენიერნო, ტურფანო, დედამიწის ანგელოზნო, თქვენ დაგედევით მტლედ, თქვენ გენაცვალეთ. უთქვენოდ ღმერთმა ნუ მომცეს ერთის დღის სიცოცხლე, თქვენა ხართ, თქვენა, ჩემი სიცოცხლე. ტყეო, დედამიწის გვირგვინო, მუდამაც იხარე ფოთოლით და ნაყოფით, მუდამ მწვანობდე, მუდამ ჰლაღობდე და მე, საბრალო შენი მგოსანი, გიმღერდე, ვაქებ-ვადიდებდე შენს შვენებას, შენს შემოქმედს. უმანკოება შენი ნუმც შეიბღალება რაიმე ცოდვით, რომ არ მატირო მწარედ, გული არ დამიდაგო!
1 / 2
წყარო: https://poetry.ge/poets/vazha-pshavela/prose/1d-svavi-motxroba

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა