პოემა
სული ობლისა
(ძველის-ძველი ამბავი)
I
ყოფნა, სიცოცხლე ობლისა
ან კი რა მოსაგონია?!
გულს კაეშანი დაესხმის,
დაიღალება გონია.
უფალს ჩვენს გამოსაცდელად
საწყლობა მოუგონია:
ათასის ჯურის საწყალი,
ათასის ჯურის ვაება,
გულის საკლავი სურათი,
სცდილობს დათესოს ღვთაება…
ნეტავი იმას, ვინაცა
პირნათლად სოფლად იარა:
თავის ნაღვაწის ნაყოფი
საწყლებსაც გაუზიარა;
არავის ვნება არ მისცა,
გული არ დაუზიანა, –
მოყვასთ ნათელის ფიქრითა
ბნელეთი გაუმზიანა…
ნეტავი იმას, ვინაცა
სულით ამაღლდა, გადიდდა,
დათრგუნა გრძნობა დაბალი,
ცის კიდურამდე ავიდა,
პირნათლად, გულ-დასვენებით
ცივს სამარეში ჩავიდა.
ერის გლოვა და ტირილი
ბალიშად უდევს თავითა, –
ვერც სააქაო აშინებს,
ვერც საიქიო დავითა…
ნეტავი იმას, ვინაცა
მოძმისთვის თავი გასწირა –
მთელი თავისი სიცოცხლე
კეთილსა მსხვერპლად შასწირა…
ვინა ხართ, აბა, ასეთი,
გნახოთ, მეჩვენეთ თვალითა…
მე თქვენ თავს შემოგევლებით,
დავიწვი ცეცხლის ალითა!
სავსეა ჩვენი ცხოვრება
პირამდე ცოდვა-ბრალითა.
რა დიდი ასპარეზი გვაქვს
კეთილის საქმის სარგავი,
ბევრი ხრიოკი ალაგი,
შრომით და მადლით სარწყავი,
დამწიფებული იარა,
ნესტარით გამოსარწყავი.
ბევრია, ძალიან ბევრი,
მაგრამ ვინ არის მნახავი?!
ყველაც არ ნატრობს იმასა,
რომ მოკვდეს დაუძრახავი? –
უსაქმოდ კაციც არ ვარგა,
მხოლოდ ფიქრების მჩმახავი!..
II
იგი პატარა დაობლდა,
დარჩა უმწეო, ბეჩავი,
მშიერიც იყო, ტიტველიც,
ყველასთან გაუბედავი.
ხან ვისთან არის, ხან ვისთან,
ლუკმა პურისთვის მშრომელი,
როგორაც მცველი ეზოსი,
უკანასკნელი ცხოველი.
სხვების სამსახურს შესწირა
თავის ძალ-ღონე ყოველი;
ვერავის გული მოიგო,
ცრემლისავეა მთოველი.
საცა რამ წახდა სახლშია,
სუყველა იმას დაჰბრალდა,
ზოგი თუ მუჯლუგუნს სცემდა,
სხვა მუშტებს თავში ჩაჰკრავდა;
ბედიცა უწყალობელი
მხოლოდ იმისთვის დაბრმავდა.
დადის საწყალი კარ-და-კარ,
მოწყალებასა თხოულობს..
და უზიარებს ბეჩავებს,
რასაც ნათხოვარს შოულობს…
ერთხელ ძალიან დაფიქრდა,
რაკი ცხოვრება გაიგო
და მისი ყოფნა ამ სოფლად
ასეთი მწარე რად იყო.
ვერაფერი სთქვა ობოლმა,
მხოლოდ ტირილი დაიწყო:
„ღმერთო, ასეთი უიღბლო
რისათვის გამაჩინეო;
პატრონად, მანუგეშებლად
ვაება მომიჩინეო!
ღმერთო, ეს ლოცვა მისმინე,
ამის თხოვნასა ვბედავო:
მომკალი, მოვრჩე ტანჯვასა,
ნეტავ რა კეთილს ვხედავო!“
ძველი საყდარი იცოდა
სოფლის ნაპირას გოგომა.
ის იყო მისი სახლ-კარი,
უბინადრობის შემდგომა.
არ ეჭაშნიკათ ღამურებს
იქ ახლის სტუმრის შეხდომა.
რას გახდებოდენ საწყლები,
ამაო მტრობის მტვირთველნი,
თავის სამუდმო ბინაში
ობოლის ქალის მხილველნი?!
ვერაფერს, უმსგავსის ფრთებით
დასტრიალებდენ თავზედა:
ხან შიგნით დაფარფატებდენ,
ხან გაცვიოდენ კარზედა.
დღისით კი მიყუჩებულნი
ხმას ვერ იღებდენ შიშითა;
სოროში განისვენებდენ
თაგვ-ფრინველურის ჯიშითა.
აი, აქ გახდა ავადა
მწოლარე საყდრის ყურეში;
საიქიოდან დედის ხმა
ეწვეთებოდა ყურებში.
ცოტა ხანს იყო ავადა,
სული დალია დილითა.
სულ არაფერიც არ უთქვამს,
ხმაც არ დაუძრავ ვიშითა.
სიჩუმეს ჩვეული არი,
ობოლი იყო, იმითა.
მოკვდა, თვალები დახუჭა,
როგორც სიკვდილის წესია,
მისთვის ამ ქვეყნად არც პური
და არსად ღვარძლი სთესია.
ისიც გაჰქრა და გამქავრდა,
რაც ცოცხალს დაუკვნესია.
ლეშს წილად რა ჰხვდა უსულოს
ცხოველთ, კაცების ხელშია?
მაძიებელი არა ვარ,
არც ვიყავ თავის დღეშია…
მიწა ვართ, მაინც მიწა ვართ,
ბევრი აიღეთ, დაიღეთ,
მიწობას ვერ ავიცილებთ,
ათასჯერ ქრთამიც გაიღეთ!
სული მადარდებს მე, სული,
იმისი ყოფნა – თვისება, –
რა იქნა სული ობლისა,
წყეულებს დარჩათ იქნება?!
თუ ღმერთმა მისი შევრდომა
თავის კალთის ქვეშ ინება?
რა იქნა სული ობლისა,
ვსცნა ეს ფრიადა მწადიან;
საწყალთ სულები, ნეტავი,
სიკვდიდგე რასა სჩადიან?
მაწუხებს, ძლიერ მაწუხებს,
იმათკე მიჰქრის გონება.
ერთს, იქნებ, კიდეც ეწყინოს,
ვიცი, სხვას მოეწონება.
რატომ? აქ დატანჯულების
იქაც კარგია ღონება?..
კარგია განა, იფიქრეთ,
ვიცი, გჭირსთ თავის წონება,
ერთს ადგილს ნამონავარის
ორ-სამ ადგილას მონება?..
ვამბობ და კიდევაც ვიტყვი,
თუნდა დამიწყოთ გინება –
ნურავის გაგიკვირდებათ
ამ ამბის გამოჩინება.
III
სული ობლისა იმავ წამს
იქცა პატარა ჩიტადა,
ჩვენ რომ ჭივჭავებს ვეძახით,
სხდებიან ღობის პირადა.
იმათში გამოერია,
მოჰყვა იმათებრ ჟღურტულსა,
შეჰხარის იგი დობილებს,
იმათ უერთებს სულ-გულსა.
ჭივჭავთაც არ იუცხოვეს,
რა ჰხედვენ იმის ბუმბულსა,
ხმას იმათებურს და ზნესა,
წმინდა ჭივჭაურს ენასა, –
რისათვის უნდა უმტერონ,
ან ვინ დაუწყებს კბენასა?
იმათთან ერთად ისიცა
აქა-იქ ფრინავს ეზოში,
ჰკენკავს საკენკსა და დახტის
ჯავარიანი ქეჩოში.
დიდხანს არ დარჩა იმათში,
სხვა უბედობა ეწვია:
მესამეს დღესა ალალი
ჭივჭავებს ჩამოეტია.
ნურავის გაგიკვირდებათ,
საქმე რად მოხდა ესია:
სული ობლისა – ჭივჭავი
იმან წაიღო ტყეშია.
რა ექნა ან კი, თქვენვე სთქვით,
თუკი ჰშიოდა ლეშია?..
ეს მოხდა გაზაფხულზედა,
სწორედ აპრილის თვეშია.
წვიმდა და ნამი ანკარა
მწვანეს ბალახზე ცვიოდა,
ათასნაირი ყვავილი
1 / 3