პოემა
1888სულა და კურდღელა
ძველი ამბავი
გატეხილისა ვაჟისა
ყორანმა ლეში არ ჭამა,
გაუტეხელის ვაჟისა
წინ-წინ მკლავები დაჭამა.
(ხ ა ლ ხ უ რ ი)
ჩემი სულაი-დ კურდღელაი ჩარგლისკარს
წვანან დაჭრილები, ხმლით ყორნებს ულალვენ
ერთმანერთსა.
(დ ე დ ი ს ტ ი რ ი ლ ი)
დღევანდლამდისა მაღლის მთის წვერზედ
ციხე-დარბაზის ნანგრევი არი.
ხავსით მორთულსა ციხის ლოდებზედ
გაუწყვეტელად ქვითინებს ქარი…
ციხის ძირს ჩაშლილ-გაოხრებული
დიდი სახლკარი მოიყურება,
გულხელ-დაკრეფილს ჩამოსდის ცრემლი,
გმირთ საუბარი არ ეყურება.
ერთი სიცოცხლის მომასწავები
ციხის მფარველად მუხა მოსულა,
მაგრამ ღრუბლებთან მეზობლობითა
ელვა-მეხისგან დაობლებულა.
ჩამოლეწილი მეხისგან იგი
სდგას ვით მოზარე წინაშე ცხედრის;
სტირის, რომ მასაც მოჰსვლია ჯერი
იქცეს ფეხის მტვრად მთურგვნელის ხვედრის.
ფშაველნი თაყვანს სცემენ გმირთ სადგურს,
თუმც ახლოს ვერვინ ვერ მიუდგება;
წარსულის დროის შემღაღადებლებს
დიდი სიწმინდე იქ ეგულებათ,
იქ ეგულებათ ორი სამარე,
ორის გმირისა – სულა-კურდღელის:
დღე-ღამ მებრძოლნი სამშობლოს მტრებთან,
გამხდარან მსხვერპლად თათრების ხმლების.
ამ წმინდა ადგილს არ ჰყავს მფარველი,
სხვა მას არსება არ ეკარება;
მხოლოდ აქ ბუდობს მაცდური გველი,
ლოდებზე თბება, როცა დასცხება.
ათასში ერთხელ შავი ყორანი
მხრების ტყლაშუნით თავზე გადუვლის,
ერთს დაჰყრანტალებს ხმით ამაზრზენით
არე-მარესი და კაცის გულის.
ღამ-ღამ, ზამთრობით, როს ბუნებასა
მოუსვენარის ძილითა სძინავს,
ყველა მცენარეთ, ცელქსა ნაკადსა
კლდიდამ მომჩქერალს, იმონებს, ჰყინავს;
თოვლით მოსილნი ამაყნი მთანი
უკმაყოფილოდ იცქირებიან;
მათ უბეებში არწივნი, სვავნი
გასაწყლებულნი იმალებიან;
ლეგა, მიხრწნილი სიმშილით მგელი,
მიეფარება ნანგრევთა გვერდზედ,
ღმუის გაბმითა თავაღებული,
ვიდრე არ მოჰკრავს რიჟრაჟი მთებზედ…
ხალხში ხმა არის: შუაღამის დროს,
როცა სიჩუმე ჰსუფევს სოფელში,
აღმოსავლეთით მოდის ვარსკვლავი
და ჩაეშვება ამ ნანგრევებში.
———
ერთი დრო იყო, ამ ადგილასა
ბრწყინავდა მკვიდრად ციხე ნაგები;
აქ ბინა ჰქონდა ორს ლომგულს ძმასა,
მათ აწუხებდათ სოფლის ამბები.
ძმებს სიყრმიდანვე თან დაჰყოლია
სოფლისთვის შრომა, სოფლისთვის ბრძოლა,
ამიტომ კიდეც თავს მათ სწოლია
ქვეყნის მტრებისთვის ისრების სროლა.
ქორ-შავარდენნი მაღლის მთისანი
სოფელს მთებიდან თვალს ადევნებდნენ,
ხალხის შველისთვის გულდამშეულნი
საჭირო ადგილს მიიჭრებოდნენ.
როგორაც მეხი ცხვრისა ფარასა,
რიყედ გაჰფენდნენ ურჯულოს ჯარებს,
გაქცეულს ხმითა დასცემდნენ ზარსა
და უციებდნენ მუხლებში ძარღვებს.
მტრისგან აღძრული ქალთა ქვითინი
და ბალღთ წივილი დაიძინებდნენ,
სადც გაისმოდა მათ ცხენთ ბიბინი,
„ჩვენ აქ ვართ მეშვლად!“ დაიყვირებდნენ.
რა ხალხის მჟლეტი, გულგრილად, მტრები
დამარცხებულნი გაიბნეოდნენ,
სისხლში მოსვრილი, დაღალულები
ძმები ციხეში დაბრუნდებოდნენ.
ოფლში გაწურულთ ცხენთა ჭიხვინზედ
დედა უღებდა ციხის კარებსა,
მოევლებოდა შვილებსა თავზედ,
გამოჰკითხავდა ომის ამბებსა.
სულა, კურდღელა, შავად ჩაცმულნი,
ძვირად აძლევენ დედას პასუხსა;
სხედან ვით მთანი ნისლით ბურვილნი,
არ აჯერებენ წვრილს ბრძოლას გულსა;
გმირებს სწყურიან მედგარი ბრძოლა,
გული იჯერონ მტრების ჟლეტითა;
ჰსრავდნენ ისეთ მტრებს, არ აქვნდესთ თრთოლა,
როს ჩაცვივიან ხმლების ქნევითა.
დედა შვილების გასართობადა
ხელში აიღებს ხმატკბილს ჩონგურსა
და მაღალის ხმით ვაჟკაცურადა
დაჰმღერს, შვილები უგდებენ ყურსა:
„ომ-უჩვეველსა ვაჟკაცსა *
ომი ქორწილი ეგონა;
ხმლის ქნევა, ფარის ფარება
ფარიკაობა ეგონა;
ჯარად მოდენა ისრისა
ცით ხორხოშელა ეგონა;
გულზე დაჩნევა წყლულისა
კოცნა დედისა ეგონა;
დადება საკაცეზედა
თავის ლურჯაი ეგონა;
მიტანა სამარის კარსა
თავის სახლკარი ეგონა;
ჩადება სამარეშია
თავის ლოგინი ეგონა;
ზედ შავის ლოდის დადება
თავის ნაბადი ეგონა;
ქალისა, რძლისა ტირილი
იმათ სიმღერა ეგონა“.
მგზავრთა გააგდეს სოფლად ამბავი:
„შემოსეულა თათრის ჯარიო,
და უთვალავი ლპება არაგვზედ
დასამარხავი ქართვლის მკვდარიო.
უკაცურს ჩინთში ზედ გზისა პირზედ
ჩალურ ქოხის წინ წევს ორი მკვდარი,
ხელხანჯლიანსა დედაკაცს ყელზედ
შემოჰხვევია ძუძუთა ბალღი.
აქა-იქ ტყეში წვერშეხავსული
დაჭრილი ბერი ღრმადა ჰკვნესისო,
ტრაპეზი უდგას წინ დანგრეული,
ხელის გაპყრობით სიკვდილს ელისო.
სად მუშას იმ დღის ნაწოვ-ნადაგსა,
წამოეწევა ურჯულოს ჯარი,
მიესევიან, სცდიან ხანჯლებსა,
მის თავით ხარობს შუბისა ტარი.
ურჯულოს უთქვამს, უნდა წავიდე
და გავამტვერო საფშავეთიო.
უნდა მთიულებს შემოვხსნა ხმალი,
დაბლა მენა ვარ, მაღლა – ღმერთიო“…
ეს ხმა მივიდა უწინ იმ ადგილს,
სად დღეს სიცოცხლის არს მხოლოდ კვალი.
სულა, კურდღელა, ჰკაზმვენ ცხენებსა,
ვეფხვებს უჭირავთ ბარისკე თვალი;
დაიხურიან თავზე ჩაჩქანი,
წელს შაიბიან ნაკურთხი ხმალი.
ბანზედ აივსო თათრის ჯარითა
კლდით მოზღუდული არაგვის ჭალა;
არავინა სჩანს, მტერს გზა შაუკრას,
ან სიტყვა უთხრას, – იხმაროს ძალა.
სულა, კურდღელა მტერს წინ დაუდგნენ
და შეუთვალეს: „უკან წადითო;
ან ჩვენ დავრჩებით სვავთა საჭმელად,
ან მათ სადილად თქვენს ლეშს გავხდითო.
ვინ მოგცემსთ ნებას, ურჯულოებო,
ფეხქვეშა სთელოთ ქრისტიანები?!
მაშ რისთვის გვინდა ფარი და ხმალი,
1 / 2