ვაჟა-ფშაველა
მოთხრობა

სცენები (სცენა ხევსურეთში)

I (სცენა ხევსურეთში) ა ბ ი კ ა. (გიგოს მიესალმება) გიგოიც ადღენგრძელას ღმერთმა! მახვედ მშვიდობით, გიგო!.. რაგორ ხარ, გიგო, რაგორ ღბძანდები, რაგორ შაექცევი? კაცით, საქონით ხო არა გიჭირს? უ შ ი შ ა დ ა ს ხ ვ ა ნ ი მ რ ა ვ ა ლ ნ ი ხ ე ვ ს უ რ ნ ი. (გიგოს) გიგოიც ადღენგრძელას ღმერთმა!.. საისკაღ მიღბძანდები ეხლადა? გ ი გ ო. გაგიმარჯოსთ!.. მოვედი აქ, ხევსურეთში, თქვენთან… სამხვეწროდ გუდანის ჯვარში. არ მალოცებთ თქვენს ხატს? ა ბ ი კ ა. რაზე არ გალოცებთ… მაგცას წყალობა ჩვენ ბატონმ შაგეწიას გუდანის ჯვრის, ხევსურეთის დავლათი… (მიუბრუნდება ხევსურებს) ა ბეჩავ, გუდანის ჯვარო! საით სად მასდევს დალოცვილს მლოცავი! ეხლად, ხევსურნო, ყურ დაუგდეთ გიგოს, რას უნბობს, გაიგონეთ, შაისმინეთ – გიგო ძმად გვეფიცების. ეხლა ჩვენ ნიადე, ჩვენ ძმაი ას. უ შ ი შ ა დ ა ს ხ ვ ა ნ ი. შაეწიას ჩვენის ბატონის დავლათი… ცხვარ სად გყავ ეხლა, გიგოო? სადაღ აპირობ მთობას? გ ი გ ო. ისევ თქვენს მთაში უნდა ვაძოვო, ძმებო. მაინც თქვენი ძმა ვარ. საბალახეს თქვენც გაძლევთ და სხვასაც ხომ უნდა მივსცე. მაშ თავისი ძმა არ უნდა გებრალებოდესთ? მაგაზე მერე მოვილაპარაკოთ, იმედია, მოვრიგდებით ერთმანეთში… ჯერ შემახვეწეთ, მალოცეთ თქვენი ხატი, რომ თქვენ ძმად დავმტკიცდე, რომ თქვენც გული დაგიარხეინდესთ, მე თქვენ გენდობოდეთ და თქვენ მე. აი, ეს კურატი (უჩვენებს კვებულზე, რომელსაც თავ-რქაზე თოკი აქვს გადახვეული და გიგოს ბიჭს უჭირავს ხელში) უნდა დავკლათ, თქვენის და ჩემის ხატისათვის შემომიწირნია. ცხოვრებამ და დავიდარაბამ აღარ მომაცალა მომეგონა ჩვენი ბატონი. (თავისთვის) იქნება, ამითი მაინც გავხდე რასმე, თორემ შეიძლება ეგ საძოვარი მთა იმ ბაიყუშს ფშაველს დარჩეს. იმედია, რომ გასჭრას ჩემმა ხერხმა და მოგონებამ. ჯერ ძალას არ დავატან ხევსურებს და არც იმას შევატყობინებ, რომ ძლიერ მინდა ამათ მთაში დადგომა. მინდა ერთი ათის წლის იჯარით ავიღო ეგ მთა. რა იციან ბრიყვებმა, ათის წლის მფლობელობას რა მნიშვნელობა აქვს… კანდრახტით შევეკვრი და ათის წლის შემდეგ დავისაკუთრებ კიდეც. ხ ე ვ ს უ რ ნ ი. (ერთად) კარგ იქნების… უ შ ი შ ა. ლუდ მიართვით გიგოსა… აბალე, უნცრუავ, ირბილე, უთხარი დასტურთ, ჩაგისხმენა-დ მაიღ. აბალე აჩქარდ (ხევსური მიდის ლუდის მოსატანად). გ ი გ ო. ხევისბერსაც დაუძახეთ, რომ ზვარა აკურთხოს. ა ბ ი კ ა. ხევისბერ ხატჩი იქნების, ახლოაჩი მივდგეთ, გიგოო, ნალახჩი ნატარ ხო არ ხარ, ხატის კარს რაად ერიდები? გ ი გ ო. არა, მაგრამ ცოდვიანის ფეხით არ მინდა გავაჭუჭყიანო ხატის საბძანებელი. ა ბ ი კ ა. ისითა ადგილს არ მიგიყვან, ხატმ იწყინას. ვიდინათ, გიგოო, ვიდინათ. მთელ ხევსურეთ მანდა ას ეხლა, ხატის კარს. გალავანჩი შასვლაი კი ნიადე არ იქნების; ხატ გაწყრების, მეემიზეზების კაცს, ან დაჰხელთავს, ან ავად გაჰხდის, ან კლდეზე სად გადაღლევს. გ ი გ ო. (მისდევს) მილიონიც რომ მომცე, იქ მე, შვილო, ვერ შევალ. განა ადვილი საქმეა, იმისთანა ხავსიანი და წმინდა ადგილი როგორ უნდა გააჭუჭყიანოს თავის უწმინდურის ფეხით კაცმა. (ჩაიცინებს) წყალობა ხატისა, ვაჟებო! ხ ე ვ ს უ რ ნ ი. მოგცას წყალობა გუდანის ჯვარმა… მოგცას წყალობა… მოგცას წყალობა – შენდაც წყალობა ხატისა. მახვედი მშვიდობით, გიგოო! მახვედი მშვიდობით. გ ი გ ო. დამხვდით მშვიდობით!.. გმადლობთ!.. უ შ ი შ ა. ლუდ მაართვით გიგოსა… (ცოტა ხანს უკან გამოჩნდება სალუდიდამ ხევსური. თან მოაქვს დიდის თასით ლუდი; უშიშა ჩამოართმევს და მიუტანს გიგოს; ქუდმოხდილი დაიჩოქებს იმის წინ და შეაქცევს) კა ლუდი! (გიგოს) შასვენ, შასვენ! ნურას იბალარჯებ, შენაც ჩვენის, აი, ემ ბატონის ყმაი ხარ, გიგოო! გწყალობდეს ამის დავლათი, გამარჯვება მოგცას… (გიგო სვამს ლუდს და ნახევარზე თასს უშიშას გადასცემს). გაცოცხლას, გადღენგძელას, გიგოო, შაგეწიას იმის დავლათი, რაის სალოცავადაც მაჰსულხარ; შაგეწიას ხევსურეთის დავლათი, მტრის იღბალ ნუ მაგრიას, შენი ამჯობინას შენის მტრისასა, მონა სულ გარიდას, ეშმაკ-ქაჯი, შენ სადღენგძელო იყვას, (მიუბრუნდება შემოგროვილს ხევსურებს) ჩვენ ძმაი ას ეხლა-დ ე გიგოი, ხევსურნო, ძმად გვეფიცების. გ ი გ ო. ნამდვილად თქვენი ძმა ვარ, ძმებო, ნამდვილად, ცხონებული პაპაჩემი იტყოდა ხოლმე, ხევსურეთიდამ გადმოსახლებულები ვართო.
1 / 6
წყარო: https://poetry.ge/poets/vazha-pshavela/play/xrxa-scenebi-scena-xevsuretshi

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა