მოთხრობა
სცენა მთაში
განთიადია. აქა-იქ როჭუებმა დაიწყეს კაკანი. შორიდამ, მთის პირიდამ, მოდის შურთხის სტვენა. ნამი უხვად დაღყრია ბალახს; დაანმულს ბალახზედ საამურად ისმის სტვენა ცელისა გაღმა-გამოღმიდამ. მოთიბულის, დაჭკნარის ბალახის სუნი საამოდ მოსდებია იმ არემარეს. ჯერ მთიბლების „გრგვინვა”, სიმღერა არ გახშირებულა, ძვლები არ გამთბარა, ოფლი არ დაძრულა გულ-მკერდზედ. აბიკამ და მამასწვერამაც გაიღვიძეს, წამოსხდენ; ეზარებოდათ კი ადგომა, მაგრამ სხვა მთიბლების ცელის „წივილი” აღარ აძინებდათ. შეაცქერდენ ერთმანეთს. გაიჩმუჩნენ მხრებში.
ა ბ ი კ ა. რა ხელ გეძინა, მამასწვერავ?
მ ა მ ა ს წ ვ ე რ ა. ქვე რა მეძინა, სიზმართ ქვე გადამლახეს.
ა ბ ი კ ა. რა ღნახე, ქვე რა იყვა აგეთაი?
მ ა მ ა ს წ ვ რ ა. ვერ დავსდექით კაის ადგილს, მონა ალაგ ყოფილა ამაჩი, მოსადევრიანი. წინ-წინ რო ჩემეძინ, განაე, ჯერ ერთხან მამედინ ხევჩიით ძახილი: „მამასწვერავ, ჰა, მამასწვერაო!” საჩქაროზე ქვე წამავდეგ, დავიყურე, მივიხენ-მავიხენე, მივადუჟე: რაი, ხარ, რა მეძახ? რა გი ჩემთანით? მეძინებისავ, დამაძინევ, ღმერთ იწამევ, დაგწყიას ხახმატის ჯვარმავ, კარატის ჯვარმავ, გუდანის ჯვარმავ. ღვთიშვილთ ქვე შავეხვეწე. კვლა-კვლა ჩამეძინა. ახლა მეორედ მამედინა იმაჩიითავ ძახილ: „წამეედ ჩემთან, ჩემო მამასწვერავ, მარტუაი ვარევ, პურა ვერ მიჭამავ მარტუასა, ერთად ვივახშმოთევ, ბეღელათ-ბეღელაი ვორეევ!” დავშინდ, კინაღართ დავიხელთე, მაუსვი იმაჩიავ სატევარს ხელი, სათავითურჩი არცად იყვა, მემრ მავხელე, დავიდევ თავით, მუქარა დავსთხოვე, ცეცხლან ავაგზენ, მავიხიბლე სრუ. შენაც გიძახინე, გონად ქვე ვერ მაგიყვანე. შენაც არ გეძინ მასვენებითა, ჰბრუნევდი რასამ, ხარს რო დაჰკლვენ განაე, ისრ ჰხრინევდი.
ა ბ ი კ ა. გუდანის ჯვრის გამარჯვებამ, მამასწვერავ, მაგას კი არ სტყუი; მეაც დავიწვ-დავიდაგე წუხრ, ღონობაჩი ვიყავ, უფერ ადგილ ყოფილა ამაჩი. საითაც შენდ არ უძახნავ, აიმაჩიით გამაჩნდენ ორნ ქალნი შავნი, მქისენი, უფერნი; მავიდეს ახლუაჩი ჩემთან ზედაოდ, გაშალნეს ხელნი ჩემს გასატაცებლად. სხვამ რამამ დაუწყვ ძახილი: „ხელ არ ჰკადრათავ, თორო მიგიკლავთ ჯორ-ულაყთა აი, მიმკვდართავ!” იმათ არა გაიგონეს: ერთიან ხელ მტაცეს, გამიტაცეს, ირბოლეს თავა, მარბოლეს მეაცა, მიწითად ფეხ არ მამაკრეინეს, წიოკობიდიან რასამ, ჟღავ-ჟღუვობდიან: „ჩვენ ხარევ, ხარევ ახლა კი, ვეღარსა გაგიტევთავ, აბიკაო”, იძახდიან. მემრ დამიწყეს ჭირებაი ყელჩი, მარჩობდენ, ის იყვ, ალნ იყვნენ. ვახსენე ჩემ სალოცავები, ღვთიშვილნი, ვიტაცე სატევარს ხელი, უქნიე ერთას – გახტ გვერდზე, უქნიე მეორეს – გახტ ისიც. ზედაც გამამეღვიძ, ვეღაროდ ვეღარ დავიძინ, თენებაიც ქვე მაჯარებულიყვ. მართალს უნბობ, მონა ალაგ ყოფილა ამაჩი. ცეცხ არ უნდა გაგვექრა წუხრ, სრუ უნდა გვნთებიყვა. ეშმა-ქაჯ ცეცხს ერიდების. ჩვენ აქ დადგომაი აღარ იქნების, დავიხელთებით სრუ ერთიან.
მ ა მ ა ს წ ვ ე რ ა. ამაჩი დადგომაი ნიადე არ იქნების.
ა ბ ი კ ა. რა ხელ იქნების… ცელებ დავღლესათ, მამასწვერაო, დროი ას ახლა კი
(დაუწყებენ ორივენი ცელებს ლესვას).
მ ა მ ა ს წ ვ ე რ ა. (ცელს) გაფხავდი, გაფხავდი, დევის ფერცხალო, აისხი ეკალი!
ა ბ ი კ ა. (ცელს) გაფხავდი, ტიალო, მამუკაის ნაქნარო! (ისმის ზარბაზნის ხმა თიანეთის მხრივ). დახკარით, დახკარით დურდურათა, ა ბეჩავ, უსის შვილებო!
მ ა მ ა ს წ ვ ე რ ა. ტიალო დურდურაო[1], რარიგს ბოლთ გამაჰყუდებს, ნისლ გეგონების, მიწან იძვრიან. ცხენ-სატიალენი საკვირვლა ჰყოლიათ გაწურთნილნი. დასჭეხნებს დურდურაი-დ არ იქმენ ჩუჩუნს. იმას გააბრუნებენ, დაუკვრვენ დარურურუასა[2], ახლა სხვას მაარბოლებენ, ერთიან ამლათად, როგორც ქარმ ფოთოლ გაიტაცას, აისრ გაიტაცებენ. იქნებიან ტყრეშნი, იმას სხვა მაჰყვების, ახლა კიდევაც სხვაი. ნისლთავით ბოლნ გამეეყუდებიანა-დ, დადგების გუგუნი, მიწათ მაჰზინებს სატიალეი. ეხლა მზადებაჩი არიან უსნი, ხემწიფის მალოდინ აქვისთ. თიანეთჩი არ ვიყავითა დაბარებულნი კოკროჭინაის სუდჩი გამახელაის ძაღლის თაობაზე, იქ უნბობდენ ხემწიფის მასვლასა, ღურბლით მავალისავ, რკინის ყუთჩი იჯდებისავ, თიანეთჩი ფშაველ-ხევსურთ დაიბარებსავ, გარს შამაირტყამსავ-დ ისრ გამაუცხადებსავ წყალობასავ.
ა ბ ი კ ა. რა რიგ, რა კაც იქნების, ნეტარ?
მ ა მ ა ს წ ვ ე რ ა. დიდკაც ასავ, ოთხის კაცის სიდიდოივ, ტანზედ ოქროს ტალავარ სცვავისავ, წელთ ნეფე-ერეკლის ხმალ რტყავისავ.
1 / 3
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა