ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

სნეული ვიყავ

სნეული ვიყავ სამს წელსა, გაჭირდა სულთქმა, სიცოცხლე. გონებაც მხდალად ფიქრობდა, მკლავთაც დაკარგეს სიცხოვლე. მხოლოდ გულს არა ეჭირვა, ჰბგერდა მამაცად, მკვიდრადა, თვის სხივსა მანათობელსა ჰგზავნიდა მთა და მინდვრადა. მეც იმას მეუბნებოდა აუშფოთებლად, დინჯადა: „ნუ გეშის, არ მოჰკვდებიო, ისევ იქნები ბიჭადა. მშობელი მიწა გექნება ფეხების დასაბიჯადა. ასდგები, მტერი დაგხვდება, წინ მიეგებე კრიჭადა, რომ სთქვას: „შუაზე გავკაფავ“, შენ ის გაკაფე შვიდადა. ბევრჯელ მომრჩალა სნეული, არ მიუღიათ მიწადა“. ყველა ზურგს უკან დუდუნებს, არ მორჩებაო, მოკვდება. მე კი ვიცინი, არ მჯერა. იმედის ტალღა მოდგება გულში, და თვალებს მივაპყრობ ცას სადიდებლად უფლისა. იგია ყველაფრის გამგე, მკვდართაც ჩამდგმელი სულისა. მე მაინც ზეცას შევცქერი, მტკიცედ მჭერელი რჯულისა: „შენა ხარ, ღმერთო, პატრონი კაცისა დაკარგულისა!“
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    სნეული ვიყავ | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში