ვაჟა-ფშაველა
პოეზია

სიზმარი სასოწარკვეთილისა

სიზმარი ვნახე: წამიღო ადევებულმა მდინარემ, ტალღების გადატყორცილი მიმიღო მხარემ მძინარემ. გულს მიკლავს უდაბნოშია ერთი – გრიალი ქარისა, მეორე – განუწყვეტელი ყიყინი ბაყაყთ ჯარისა, მესამე – მკვდართა ძახილი… მოარულთ შუაღამისა. პურს ვიღებ – გველად მექცევა, ჯამი ჭიებით ამევსო. წვერ-მოწამლული ისარი გულის ფიცარზე დამესო. ხელი და ფეხი შამეკრა, სისხლი ჩამომდის ჩქერითა, კალთაც ამევსო, მიწას სწვდა, თავქვეც წავიდა მღერითა. ვნახე: მოკივის თმა-გაშლით ქალი ლამაზი ცხენზედა, მომვარდა, გადმამეხვია, ხელი მომხვია ყელზედა, გულით ამაძრო ისარი, გადაისროლა გვერდზედა. წამისო სალბუნებელი თლილის თითებით მკერდზედა. ქალი მიჩნს ანგელოზადა, ვლოცულობ იმის ფერზედა. ვცოცხლდები, ჯანი მომეცა, ლამის წამოვდგე ფეხზედა… მომშორდა თვალის მხიბლავი, ფიცხლავ მოახტა ცხენზედა. ცოტახანს შემდეგ ისარი გულზედვე მომხვდა ძგერითა. კაციც რამ მომიახლოვდა ჯაგარის მსგავსის წვერითა. გულზე დამადვა ყადაღა, ცემა დაუწყო კვერითა. თან ტკბილს მეტყოდა სიტყვასა გაქნილის, ტკბილის ენითა. ისე შენ იყავ მოლხენით, როგორც მე გყევარ ლხენითა! ვკვდებოდი, სისხლიც გამიშრა, სულიც ამომდის ქშენითა. გარშემო ვიხედებოდი, მეშველს ვეძებდი თვალითა. ვნატრობდი ჩემის მხსნელის თავს, მომდგარს შიშველის ხმალითა. შორს, შორს სამ ისმის კიჟინა, თქრიალ-დგრიალი ჯარისა, ჯარს ხმას აძლევდა მრისხანედ ზრიალი კლდეთა კარისა, ხმალთა წკაპანი, ფართ ჩხერა, ზედაც წკრიალი რვალისა. ჩამეეყუდა ჯურღმულში სხივი მტირალის მთვარისა. კლდეთ შუა შემოდიოდენ მხედარნი ჩოხიანები, არ უშლის იმათ სიარულს ხეები ტოტიანები. ბუკს დაჰკრეს, დაფი აძრახეს, სიმღერა გაახშირესა, გამოვლეს, გამისასწორდენ, მოსჯარდენ კლდისა დირესა. ბევრსა ვსცნობულობ ჯარშია წარსულის დროის გმირებსა. ვენაცვლე იმათ მოსვლასა, დაჭრილი მომარჩინესა! გულის წყლულები გაქარვდა, ხელთა მბოჭველი ჯაჭვიცა, გაქრა წყეული იმ წამსვე კვერის მცემელი კაციცა, ჩემთა მოძმეთა მოსვლამა ყველანი დააფაციცა. მივრბოდი, ჯარსა მივძახდი: „ძმანო, მეც წამიყვანეთა, მეც თქვენი ძმა ვარ, მიშველეთ, ჯურღმულით გამიყვანეთა. მაჩვენეთ, თქვენი ჭირიმე, ქართველთა მიწა-წყალია. ჩამომწყაზრულსა მთა-ბარსა რომ ვერ ჰშორდება თვალია. იქ ყველა მეტურფავება: სხვაგვარი მზე და მთვარია. ცა მრისხანებსა თუ ჰჟინჟლავს, თუ დაწყნარდება – დარია. მისვლის უმალვე მომერგოს თუნდა სიკვდილი მწარია. იქა ჰხატია ცაზედა ვახტანგის მძლავრი მკლავია, თამარ-დედოფლის გვირგვინი და ნინოს ვაზის ჯვარია. პურად ქვა მომიტანოდით, ტანზე ჩამაცვით მჩვარია, ოღომც მაჩვენეთ თვალითა მშობელი მიწა-მყარია. ოღომც დამეცეს მხარზედა ჩვენის ცის ერთი ცვარია. მეც თქვენთან მწყურან სიკვდილი, ჩემთ მოძმეთ მნახოთ მკვდარია“. ყური არ მიგდეს, ჩადიან, ჩადიან, ჩაიმღერიან, ჯარს ეშურება საომრად, საცდელად არა სცალიან. გული დამილბა, დავდექი, ძალ-დამდნარს ღონე მელევის, გავები კლდიანს ადგილას, პირი არა ჩანს ველების, ღობედ ჩამიდგა გზაშია ათასი გუნდი გველების. პირებს აღებენ, მიშქენენ, ჟინი აჰშლიათ ხველების. საძრავი არსაითა მაქვს არც ფეხთა, არცა ხელების. მომსხლიტეს ჩემთა მოძმეთა, შხამს მომესვრიან ხშირადა, მიშველე, დამბადებელო, გველებს ნუ მიმცემ პირადა!
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა