ვაჟა-ფშაველა
პოეზია

სიზმარი ამირანისა

მდინარეს ვეწაფებოდი, უნდა მომეკლა წყურვილი, რომ გავმძღარვიყავ წყალითა, ეს იყო ჩემი სურვილი. ვსვამდი გულ-ხარბად ხარივით, გაძღომა ვეღარ გავიგე; უბრალო წყურვილის მოკვლით თითონვე მახე დავიგე. მაღლა მთას თურმე იწვიმა, დაღვარა მთელი ქვეყანა, მდინარემ თურმე იმატა, მრისხანედ გამოექანა. მშრალზედა მყოფი აბასტად შემბოჭა ტალღამ მძიმემა და დამაქანა თავ-თავქვე შეუპოვარად მდინემა. მათრია დიდხანს, თუმც ვგრძნობდი, სად და როგორა ვცურავდი, სად მიმახლიდა კლდეზედა, სად შლამს კბილებში ვწურავდი; სად ალ-ქაჯთ გროვა მომდევდა, ჩემს სიკვდილს როგორც ელოდდა, ევედრებოდენ განგებას, რომ მე არსიდან მშველოდა. არ აუსრულდათ წადილი, არც რომ დამარჩო მდინარემ, გამრიყა უდაბურს ადგილს, მისტუმრა მხარემ მძინარემ, შემზარა უარესადა ალ-ქაჯთ ძახილმა მძვინვარემ. მოგროვდენ დევნი პირ-შავნი, მყრალნი ტან-ბალნიანები. თავაზიანად მომეპყრენ, მოვიდენ სალმიანები. მომართვეს სუფრა საჭმლითა, ჩამოსხდენ ქალმიანები, მომაპყრეს გაშმაგებული თვალები შხამიანები. ვიცოდი მათი ამბავი, არ მაცოცხლებდენ ხვალამდე, მომკლავდენ, მწვადად შემწვავდენ, – ამას არც თითონ ჰმალავდენ. კბილებს მიღრჭენდენ ნიშ-გებით, ჩუმად კუჭებსა ჰკალავდენ. უხარისთ, რაკი ხელთ მიგდეს მათი მოსისხლე მტერია. უიარაღო, უაბჯრო რა ძნელი დასაჭერია! წელზე ხელს ვისვამ, დავეძებ, ვერ ვპოვებ ხმლისა ვადასა, ვხდები დევ-ქაჯის საჭმელად, შემჭამენ, როგორც ქადასა. ან-კი საიდან ვეყოფი იმათ უსაზღვრო მადასა! ვევედრი: ღმერთო, მიშველე, მომეც ხელთ ჩემი ხმალია, მურდლად ნუ მომკლავ, ერთს მაინც რომ არ მოვსთხარო თვალია – მთელი ბედკრული ქვეყანა დევთა სიკერპემ დალია! მიშველე, დამბადებელო, ჩამაცვი ჩემი რვალია. ნუმც მომკლავს ასე მურდლადა მურდლის დევების ხელია, მიშველე, მართალთ მეშველო, შენს მოწყალებას ველია. როდი მიიღო უფალმა ჩემი ვედრება, მუდარა, ვითომ-კი მეშველებოდა, ვითომ მწყალობდა მუდამა… ახლა-კი ზურგი მაქცია, მიჭირს, არა მშველს რადამე! ცას სამდურავი ვუთხარი, მივუშვი გულის სადავე: „სიმართლის მცველსა არ მშველი, სხვას ვის უშველი?!“ – ვყვიროდი. ცრემლს სად შეეძლო ის ეთქვა, როგორც მე გულში ვსტიროდი. „არა ხარ საწამებელი“, – გამწარებული ვსჩიოდი. „შენ მომკალ, დევნი ნუ მომკვლენ“, – თურმე ხმამაღლა ვკიოდი. ΙΙ გამომეცხადა მოხუცი, დარბაისელი თეთრ-წვერა, მითხრა: „რად სჩივი, ბედკრულო, მადლი ჰქმენ, განა არ მჯერა? ეგ სამდურავი რაღაა, სამტეროდ გულისა ძგერა?! კეთილზე იდექ, დევებსა ჰჟლეტდი, მკლავს არა ზოგავდი; ტანჯულს ქვეყანას იხსნიდი, ბოროტებაზე ჰშფოთავდი; რისთვის გაჰზარდე კეთილი, თუ ბოლოს ბოროტს ჰშობავდი?! სამდურავიანს კეთილსა თვით ბოროტება სჯობია მით, რომე ზოგჯერ ბოროტი ნაღდის კეთილის მშობია. მაინც და მაინც, ჭკვა-თხელო, ღმერთი რა დასაგმობია!.. ღვთის მგმობელს, აი, ეს ჯაჭვი ხელ-ფეხზე ედვას, მანამდე – კეთილის მქნელი იგვემოს, მითც არ იმდუროს – სანამდე, ცოტას ვერ მოიჭირვებდი, თუ მოიჭირვე აქამდე?!“ დევნი მოხუცის მოსვლაზე გაფთხენ, წავიდენ ღრიალით, ჰზარავდენ არემარესა ბილწის თვალების ბრიალით. გამომეღვიძა. ჯაჭვები ხელ-ფეხზე მედო მაგარი; იქავე, შორი-ახლოსა, ეკიდა ჩემი აბჯარი. მინდა ხმალს მივსწვდე, ვერ ვსწვდები, – გამხდარან გადასაყარი. ჩემს თვალ-წინ დაღონებული რაღაც მოსჩანდა შავადა, თვალ-ცრემლიანი, მკვნესარე, საბრალო სანახავადა. ჯაჭვს უჯდა, ჩუმად ჰლოკავდა უთხოვრად, თავისთავადა. – რა ხარ, რა სულიერი ხარ, ჩემთან რად მოხველ წყეული? – შენი ვარ, შენთან მოვკვდები, შენთვის ვარ შემოჩვეული. შენი ერთგული მარადის, შენთან მოვკვდები მეცაო. დაე მეც ვიყო ტანჯვაში, მანამ შენ გწყევლის ზეცაო. ეგება ჯაჭვი გავწყვიტო, უნდა გავცვითო ენითა, დაგიხსნა ტყვეობიდანა, გნახო, რომ იყო ლხენითა. ეს იყო ერთი საწყალი, მშიერ-მწყურვალი გოშია. ისა მყავს მარტო პატრონი ამ სულის-მხუთავს დროშია.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა