ვაჟა-ფშაველა
პოეზია

სიზმარი (1908)

სიზმარი ვნახე, თუმც ბევრად უნახველობა მერჩივნა: ცრემლი მდიოდა, ვტიროდი, ძალიან გული მეტკინა. დავცურავ სისხლის მორევში, ფონს ვეძებ გასასვლელადა, თავ-ფეხი ადამიანის დასცურავს გულის მწველადა იქვე, ჩემს თვალ-წინ… მზარავდა, მეჩვენებოდა გველადა. გავხტი ნაპირას, მივრბივარ, სახლის კარებსა ვხურავდი. შინ შემომეჭრა მდინარე სისხლისა, შიგვე ვცურავდი. ჭერიდან წვიმა წითელი კოკისპირულად დიოდა. „ეგ შენთა მოძმეთ სისხლია!“ გარედან ვიღაც ჰკიოდა. სადღა წავიდე? ვეღარსად! ფეხზე ქალმნები მცვიოდა. ვერ გავექცევი სისხლის ტბას, უსაზღვროდ გული მტკიოდა. შორს, ეზოს გარეთ, ავს ხმაზე გველივით რაღაც წიოდა. ვიდეგ, ვეღარას ვამბობდი, მდუღარე ცრემლი მდიოდა. წივილ-კივილი, გოდება ისმოდა ყოველ მხრიდანა. შავი იკვროდა ღრუბელი, დაბლა წვებოდა ციდანა. „ხალხო, მოიდა ვეშაპი!“ – კაცი იძახის მთიდანა. შევხედე, მართლაც ნისლივით უზარმაზარი ცხოველი მოცურავს, რაც-კი წინ შეჰხვდა, ერთს წუთში შთანთქა ყოველი. „მუხლთ მოვეხვევი, ვიფიქრე, თაყვანს ვსცემ, როგორც ღვთაებას, ეგები სისხლისმსმელობა მისი მოლბეს და დაებას“. მაგრამ რა ვსთხოვო უდიერს? – გველ-ვეშაპს, სისხლის გუდასა? თხოვნით ვინ შეუწყალია სიკვდილს და სულთამხუთავსა? ვუცქერი სისხლში მცურავი ამ გულის საკლავს სურათსა, ვუცქერი, ვერაფერს ვსჩადი, დამდუნებია მკლავები, გულის ხვაშიადს მხოლოდა გამოიტყოდენ თვალები. ეს იყო იმ დღეინდელი ჩემი ნანახი სიზმარი. ნუღარ მაჩვენოს უფალმა გულის საკლავი ძირმწარი!
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა