პოეზია
სიზმარი
ვიჯექი ოქროს ტახტზედა
ჭია-ღუების მეფედა
და ჩემი ქვეშევრდომები
ყველანი იდგნენ ფეხზედა.
წესდებაც ჩემის მეფობის
იქავე მედვა გვერდზედა.
მასში ეწერა შემდეგი:
ეს კარგად ყველას სცოდნოდა,
ყველას შაეძლო განვეგდე,
ოღონდაც ფიქრად მოჰსვლოდა,
თავშიც ჩაერტყა, პანღურით
მიჰსალმებოდა მეფესა.
მიოცდა, პირჯვარს ვიწერდი:
მაშ რადღა გამამეფესა?!
მართლაც ვუყურებ, ბზუილით
ერთი რამ ბუზი ბზუილა
(წესდებამ ჭია-ღუეთის
სჩანს როდი მოიტყუილა!)
მოვიდა მოურიდებლად,
მაჯდება პირზე, ცხვირზედა,
კისერზე მზომელა მზომავს
და ჭიაყელა ხელზედა.
ბუჭყა კი, რწყილების დედა,
დამკიდებია ყელზედა.
ბაყაყი ფეხებზე მაზის,
გველი მეხვევა წელზედა,
ობობაც, თითქოს შარაა,
მიდ-მოდის მეფის ყბებზედა.
სჩანს, აბლაბუდას გააბამს
გვირგვინოსანის წვერზედა.
დამეცა კოღოს ლაშქარი
ქამანჩითა და სტვირითა.
მე შემაქცევდენ ვითომა,
თუმც სისხლსა მწოვდენ პირითა.
დამმწარდა ტახტიც, გვირგვინიც,
ვიცქირებოდი ძირითა.
ვეხვეწებოდი ქვეშევრდომთ:
„თქვენი ჭირიმე, იცითა?
თქვენი ჩემდამი ტრფიალი
შევიგნე თქვენის ფიცითა,
ამდენის სალამ-ქალამით
და ჩემ საამო ლხინითა.
გთხოვთ, სხვა დაჰბრძანდეთ ჩემს ტახტზე,
მე შინ გამგზავნეთ ვირითა,
ან და მაცხოვრეთ თქვენ შორის,
ვით ჭია თქვენებრ ჭირითა“.
– არაო, მითხრეს, გაჩუმდი,
შენ უნდა გვყვანდე მეფედა,
სხვა ჩვენ არ გვინდა არავინ
უფროსად, ღალის მკრეფადა.
არ შეიძლება, არაო!
ერთხმად ბზუოდენ, წუოდენ,
თამამად, გაბედულადა,
გულ-ახდით, არა სტყუოდენ.
მეც ტახტზე განვისვენებდი,
დავკერებიყავ ბინასა
და შევცქეროდი შურითა
ჩემს ხელზე მცოცველს ჭიასა.
ბოლოს გავჯავრდი, ტახტიდან
გადმოვხტი, გავიჭერია.
„სად მიჰრბი, სადა?“ – მომძახდა
ჩემი ერთგული ერია.
გამომეღვიძა. შევცქერი:
კვნესიან აქეთ-იქითა.
სახადით ავადა მყვანან
დედ-მამა, ცოლიც შვილითა.
მეხვეწებიან: „გვიშველე!“
წყალს თხოულობენ ჭიქითა.
მეც მინდა წყალი მივართო,
ვუცქერ, ზედ ვადნობ თვალებსა,
ვიწევ, ვერ ვდგები, ვიქცევი,
ვეღარა ვხმარობ მკლავებსა.
მუხლებიც მოკვეთილი მაქვს,
საით ვინ მომცემს ძალებსა?
ვინ უშველს, ვინ ეწამლება
ჩვენს ყოფნას შესაწყალებსა?!.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა