ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

სიყრმიდან საიქიოსთან

სიყრმიდან საიქიოსთან დამკვებებია კავშირი, მიტომ მდის ცრემლი უშრობი, გულზე წამესო ნახშირი. წარსულნი ამა სოფლითა დღესაც მოდიან, მხედავენ, სწირავენ მყუდრო სადგურსა, ცოდვილთან მოსვლას ჰბედავენ. მოდიან ბრაზ-მორეულნი, კბილით რკინასა ჰკვნეტავენ, – ვაჟკაცნი, ღვაწლით მოსილნი, შარავანდედით მკობილნი, მკერდ-სისხლიანი გურჯები, თავდადებულად ცნობილნი, ცოცხლების მოსაშველებლად მკვდრებიდან გამოყოფილნი. თვალცრემლიანებს რომ ვხედავ ამ ფაფარ-აშლილს ლომებსა, სიცოცხლე მიჩანს ჩალადა, ალმური ამდის ლოყებსა. განცხრომა, დიდი ქონება ქცეულიმცაა მტვერადა! ოცნების მორევში ვცურავ, ვდგევარ, ვუყურებ შტერადა. თურმე ღმერთს კარზე მიუხდნენ, გაგვაცოცხლეო – ჰყვირიან, – გვაჩვენე საქართველოვო, – უფლის წინ თურმე ჩივიან. ღვთისგან უარის მიმღებნი მოვლენ, მე შემომტირიან: გვწადს ბრძოლა, გვწადსო სიკვდილი მეორედ, ბრძოლის ველადა. მე ბეჩავს, იმათ მნახველსა, ცეცხლი მედება მწველადა. როცა იმათი გულ-მკერდი, სახე პირქუშად მჩინარი, ამეყუდება თვალწინა მრისხანე, გაუცინარი და ტანი ტურფად ნაჭედი, აწვდილი, როგორც ჩინარი, – მინდა მეც თავი მოვიკლა, ცრემლები მარჩობს მდინარი. მინდა, რომ იმათ ვუცქირო და ზედ დავადნო თვალები. მიყვარს მე გრძნობა მაღალი და მოამაგე მკლავები. მიყვარს, ვინც მოკლა სიკვდილი, მადლის ქმნით ხვეჭა სახელი. გაუქრობელი ყოფილა ქვეყნად იმისი სანთელი. მოვლენ და წავლენ, ამრიგად ჰქრება ჩვენება-სიზმარი. გავხედავ აღმოსავლეთსა, ამოჩენილა ცისკარი. სჩანს, რომ თენდება. რისთვისა? ვუცქერ ხალხს, ვუცქერ ველებსა, დავიქვითინებ, თვალებზე მყის მივიფარებ ხელებსა. [
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა