ვაჟა-ფშაველა
პოეზია
1894

სიტყვა ეული

სიტყვა გადვაგდე ერშია, სიტყვა, რა სიტყვა? - ეული, ტანჯულის გულის ნაცრემლი, ვარმით ნაკვები, სნეული, გულ-გაგმირული, ბეჩავი, თავს მანდილ-ჩამოხეული! ასე წვა-დაგვით გაზრდილმა, რას ვიფიქრებდი, იხარა... წვერს მარგალიტი მოისხა, ტანი ზურმუხტით იფარა; მთელს ქვეყანაზე სხვივსა ჰფენს, როგორც ცამ გამოიდარა. დაბრძანდა ოქროს ტახტზედა, ვით მეფე, ქვეყნის მპყრობელი: ისაა ქვეყნის ნუგეში, იმას შეჰხარის სოფელი; მე ჩემთვის ჩუმად ვიცინი, მისი კეთილის-მყოფელი. ვიცინი... იმას, ქვეყანას, ან რა საქმე აქვს ჩემთანა? მიხარის, ჩემმა გაზრდილმა რომ ბინა ჰპოვა ერთანა, - ერთმა საწყალმა სიტყვამა, ბოროტ კაცთაგან წყეულმა, ბეჩავმა, ცრემლით ნაბანმა, თავს მანდილ-ჩამოხეულმა...
წყარო: http://geolit.ge/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    სიტყვა ეული | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში