პოემა
1905სიტყვა
(ძველი თქმულება)
I
ქუხილი მტკვრისა ცასა სწვდებოდა,
მარცხნით ლიახვი აძლევდა ბანსა,
ლაღის შვილების ხტომა, ცელქობა
სიამეს ჰფენდა გორიჯვრის მთასა,
და ქართლის ველი, ბევრ ჭირნახული,
იმათ ძმურ კავშირს და ერთად სვლასა,
გაღმა-გამოღმით მკერდ-გადაშლილი
ძმურს სალამს აძლევს, ულოცავს გზასა.
მწვანე კორდზედა მხედრობის რაზმი
გარს შემოჰრტყმია ერთს ტურფა ქალსა.
ქალი ცხენზე ზის ყელ-მოღერებით,
ვითა ბრწყინვალე დილის ცისკარი.
ისე სჩანს ქალი ამალისათვის,
როგორც მოსესთვის სჯულის ფიცარი.
ყველა მას შესცქერს, ვითა ღვთაებას,
ჭაბუკი, ბერი, ვინც კი იქ არი.
მის ტურფა სახე რადღაც მჭმუნვარებს
და შორს სივრცეში მიურბის თვალი.
„გორიჯვრის ქვეით მუხაზე დაჯდა,
ყურს აღარ მიგდებს ფრიად გამწყრალი,
ვინ არს – შეიპყროს ჩემი მიმინო,
აქ მომიყვანოს?!“ – იძახის ქალი: –
„რასაც კი მომთხოვს, მიიღებს ჩემგან, –
დიდი არს, უწყით, მეფეთა ძალი.
აბა, ვინ არის მართლა ვაჟკაცი
და არ აშინებს მას დიდი წყალი?!“
მოდგა ჭაბუკი, შავს ცხენზე მჯდომი,
როგორაც ვეფხვი, თამამი ქცევით,
შვენიერია შეჭურვილობით,
ვითა ლერწამი ნელ სიოს რხევით:
– თავი რად გვინდა მაშინ ცოცხალი,
თუ შენს საწადელს ვერ მოვეწევით! –
დეზი ჰკრა ცხენსა, რახტი აჟღერდა,
ცხენი მხედარმა შეაგდო მტკვარში.
ღმერთო, იხსენი თავდადებული,
ნურაფერს ხიფათს შეამთხვევ გზაში!
ღმერთს როდი ესმის ზოგჯერ ვედრება:
ბედის ვარსკვლავი გაუქრა ცაში…
ცხენმა ვერ შესძლო მტკვრისა გაპობა,
თავის მხედრითურ დაირჩვა წყალში.
ამ სანახავმა ვერ შეაყენა
დანარჩენების გულისა ძგერა:
ასი, ათასი სურვილს აცხადებს…
კვალად გაისმის აბჯრისა ჟღერა.
ერთი სხვას მისდევს მტკვრის საომრადა,
გულითა რკინა და ლომის ფერა.
მაგრამ ყველანი წყალმა იმსხვერპლა,
ჯალათად ექმნა ტალღების მღერა.
ერთმა მხოლოდა სტიქიონს სძლია,
მას მტკვრის ტალღებმა დააკლო ვერ-რა.
II
ქალის წინაშე თეთრ კარავთანა
მოსჩანს ჭაბუკი პირ-მოღიმარი,
მარჯვენა ხელზე მიმინო უზის –
მწყრებზე სატევრად მოუთმინარი.
ჭაბუკისაგან, ვინც ეს შეიპყრო,
გაღმიდან სიტყვა ავი რამ ითქვა:
„ჰა, დედოფალო, აი მიმინო,
არ დაივიწყო მეფური სიტყვა!“
ქალი არ ჩნდება კარავიდანა,
პირქვე მწოლარე მწარედა სტირდა.
თავზე დაადგა ვიღაცა მწირი,
როდესაც ქალი ცხარე ცრემლს ჰღვრიდა,
ჩამოწეწილი ტანისამოსით,
თუმცა თვალთაგან სიწმინდეს სცრიდა.
წარბ-შეუხრელად, მოუკრძალავად
ჩაეუბნება ქალსა მოხუცი:
„ეხლა-ღა მიჰხვდი თვის შეცდომასა,
რო მოიქმედე შენ საქმე ცუდი?!
კარგი, რომ ყრმამა თავს არა ჰკადრა,
დაგზოგა შენა და თვისი ქუდი.
რა იქნებოდა, ერთი იფიქრე,
რომ მოეთხოვა მას საქმე მრუდი?!
ეს ერთი, მერე, შენ დღეს თუ ხვალე,
უნდა დაგედგას თავზე გვირგვინი.
განა მაგ ჭკუით უნდა განაგო,
ვინც აგირჩია მეფედ, ისინი?
უბრალო რაღაც ჩიტებისათვის
ზოგი წყალს მისცე, სხვა დასწვა ცეცხლში,
უნდა კი ქვეყნის პატრონი გერქვას,
მათ სამწყსოდ გეპყრას შენ კვერთხი ხელში?
თუ ეგ ზნე-წესი არ მოიშალე,
არ გამოსდგები მეფედ თვის დღეში!
განა, შენ ერსა მისთვის უყვარხარ,
სიყვარულისთვის ბალღამი ასვა?
შენს მოტრფიალეს, შენს ქვეყანასა
გულზე გამგმირად ისრები ასვა?!…“
——
მას შემდეგ მოხდა, რომ სიცოცხლითვე
მამამ დაუთმო ქალს თვისი ტახტი,
მას მერმე იყო, რომ იგი ბრძნობდა,
მტრებისთვის იყო მმუსრავი ლახტი.
მხოლოდ მას შემდეგ მის ქვეშევრდომთა
გულში ჩაეჭრათ მისი გვირგვინი,
გახადეს იგი სალოცავ ხატად,
მის სათაყვანოდ მიაქვთ ბიბინი.
ვინ იყო ისა? – ჩვენის ოცნების
შეუმუსრავი ბურჯი მაგარი,
დაუთრგუნავი მეფეთაგანი,
ჩვენი სულ-გული, – მეფე თამარი!
[1905 წ.]