ვაჟა-ფშაველა
პოემა

სისხლის ძიება (თავი მეთევქსმეტე)

ბალღები შემოჰხვევიან, შესჩერებიან ქიჩირსა. ასლანის ორი ვაჟიცა გვერდითა დგანან მის პირსა. ცეცხლი კი უფრო გაჩაღდა, ალი ალსა სცემს, ტრიალებს. საზარი სანახავია, – სიკვდილის ბრჯღალი ტრიალებს. „აი, ბიჭობაც ეს არი!“ – კვლავ დაიძახა მხედარმა, იღლიას სათითაოდა ბალღები იკრა მჭეხარმა, არა ამაოდ მომთქომმა, არ უსაფუძვლოდ მკვეხარმა. „აი, ბიჭობა, ნახეო!“ – და დაიღუპა ცეცხლშია სამის სულდგმულის სახეო. ამითი როდი გათავდა ამ ცეცხლის ზღვასთან ომია. ქალი გადმოხტა გროვიდან, ციდან მოსული მგონია, ისიც თან მიჰყვა ქიჩირსა, თქვეს: „ეგ დემურის ცოლია!“ ცოცხალ-მკვდრად დარჩა ასლანი, გაშტერებულა დუნია: სულს ჰხუთავს, ბუნებას ჰშხამავს ცეცხლში დამწვართა სუნია.
წყარო: https://poetry.ge/poets/vazha-pshavela/poems/16-sisxlis-dzieba-tavi-metevqsmete

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    სისხლის ძიება (თავი მეთევქსმეტე) | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში