ვაჟა-ფშაველა
პოემა
1897

სისხლის ძიება

(ამბავი ჩერქეზთა ცხოვრებიდან) I ცაზე ჰყვავიან ღრუბელნი, მზის სხივებს ჰსვამენ დილითა. მთებს აუხსნიათ პირბადე, შვილებით, შვილი-შვილითა; გულგრილად იცქირებიან გაუმაძღარნი ძილითა; ქათიბს უღეჭავს ნიავი ბროლ-მინანქარის კბილითა. ერთმანერთს გადაჰხვევიან შალშავ, იონჯა წბილითა. უკვდავებასა სთესავენ ირგვლივ ყვავილნი პირითა. მიყრილ-მოყრილან კლდეები პირქუშნი, სახე მწირითა, არც დადნენ, არც დაიშალნენ დაუდუღარნი კირითა, არც ყურს გვიგდებენ თავხედნი, თუმც იმათ ქებას ვყვირითა. თქვენ რომ გიცქერით, მთა-ქედნო, გული რბის ელეთ-მელეთა, გიამბეთ ჩვენი სიგლახე, თქვენ კი არ დაიჯერეთა! სიმტკიცე ცოტა ჩვენთვისაც რატომ არ მოიწველეთა?! ნაჟურნო სალის კლდისანო, უფსკრულში ჩაახველეთა! ძუძუს რომ მოსწოვთ, უსირცხვოდ, მაშინ მიურბით დედასა, წახვალთ და ვეღარცა ჰნახავთ, ეგ არი ერთხლის მეტადა. დაეკიდებით მინდვრებსა ცით ჩამოშვებულ სვეტადა. ახარებთ ქალსა და კაცსა საამოდ, შესახვრეპადა. ჩამოუმწყაზრავთ თვალ-პირსა, დაგეცემიან კრებადა… თან მოაქვთ თოხის კოკები კლდის ცრემლის ასაკრებადა. თქვენ რომ იცინით ბარადა, მთაში გიტირისთ დედები. გეძებენ თავის შვილებსა მკერდ-უდრეკელი ქედები. ამაოდ ჰრჩებათ გულისთქმა, უქმადა ცრემლის დენანი. თავს დაჰღუღუნებსთ ნიავი, ვით ბებერ მუხას ქედანი. II მთის ბილიკს მოსდევს მხედარი აღვირ-ჩაყრილის ცხენითა, აღვიძებს ბალახს მთისასა, ხამუშ-ხამუშის სტვენითა, ძლიერ დაჰღლია საფერხე მთა-ღელეებზე რბენითა. ცხენს დეზს გაუქნევს, დინჯადა გაუტყლაშუნებს მათრახსა; შემოდგა მთისა ყელზედა, მადლობას სწირავს ალლახსა. გასაგრილებლად შუბლისა უკან გადიწევს ფაფახსა. მიდამოს თვალი გადავლო, ნახა თავისი სოფელი, ლხენით აევსო სულ-გული, იქ ელამაზა ყოველი. განა მარტოკა კაცთ გვიყვარს თავისი მიწა მშობელი?! არც მოდის უსახელოდა სისხლის დავლაზე მშრომელი, სისხლიანი აქვს ხმლის ვადა, ეგრევ ხანჯრისა ტარიცა, უქმად არ უტარებია ჭრელად ნაქარგი ფარიცა. შეუსრულებავ პირნათლად მას დანაპირი ვალიცა: დაუკიდნია ტახტაზე წუხელ ნაშოვნი ხელია, ჯერ მას თავისი ბიჭობა არვისთვის გაუმხელია. უნდა საჩუქრად მიიღოს ხმალი, ფული და ცხენია. რაცა ჰქმნა – სასახელოა, ოდნავაც არა რცხვენია. III აგერ სასახლე და ციხე დიდის ჩერქეზთა მთავრისა: იტყვიან ასლან-ბეგადა, მოქმედად ბევრის ავისა. ყველაზე მტრულად მერჩოლი, არვისთან მქონი ზავისა. გულამღვრეული მუდამ-ჟამ, სახითა ფერად შავისა. იტყვიან, ვითომ ასლანმა გასცა სამშობლო თავისა. ბევრის ცხვარ-ძროხის პატრონი, უმეტეს ცხენის ჯოგისა, მარჯვედ ფარ-ხმალის მომხმარე, მარჯვედ მგდებელი თოკისა. უკვდავებაღა აკლია, იმას მივწვდებით როდისა?! რად არი გაუმაძღარი ნეტავ ბუნება ზოგისა?! განაგებს ჩერქეზთ სამთავროს, ყველა ძრწის იმის შიშითა, ბევრი აიკლო სახლ-კარით, ბევრი ატირა ვიშითა. ერთი ქიჩირბე არ ჰმონებს, გათქმული ვეფხვის ჯიშითა. მისი ბოღმა ჰკლავს ასლანსა, ჯავრი იყაროს ვისითა?! ბევრჯელ ეცადა შაეპყრო, სდია მრავალის ბიჭითა. არ იქნა, ხელად ვერ იგდო, გაუსხლტა ერთის ბიჯითა. მრავალს ავალებს მის მოკვლას, ქრთამი აღუთქვა ფიცითა; თავის მკვლელებს ჰხოცს ქიჩირბე, გაურბის ლურჯის კვიცითა. დადის და ყველას არიგებს სიტყვით ძმურით და მტკიცითა: „რად ჰმონებთ ასლანს, ჩერქეზნო, უიღელს რად იდგამთ კისრადა, სხვისა ნაყმევი, ნალახი გამოადგება ვის რადა?! უბატონობა რით არ სჯობს, ნეტავ, ბატონის ყოლასა? რით არ სჯობია რაინდი ღამის სალაღობ ცოლასა? ომში მოკლული ვაჟკაცი – მეჩეთში მყვირალს მოლასა?“ წეღან რომ ვნახეთ მხედარი, ეგ არი მისი მკვლელია. უნდა მიართვას ასლანსა ვითომ ქიჩირის ხელია; უნაგრის ტახტას ეკიდა გმირის მარჯვენა ცხელია. ის როდი იცის, მთა-ველი ამაოდ დაუთელია. დემურს ის მკვდარი ჰგონია, ქიჩირი ისევ მთელია. რკინა არ კვდება მოწამლვით, კბილს რად იღალავს გველია?! IV დღე ილულავდა თვალებსა, ცივმა დაჰბერა ნიავმა. სამგლოვიარო ჩაიცვა მთამ ბრწყინვალემა, მზიანმა, ვერც დააბერა, ვერც მოჰკლა დიდმა დარდმა და ზიანმა, აკურთხა უკვდავებითა განგების ძალმა ჭკვიანმა. ქორ-შევარდენთა ბუდემა, ჩერქეზთ ქვეყანამ მთიანმა ბევრი გაზარდა ვაჟკაცი თავის წყლულების საპოხლად, თავისა სადიდებელად, მტირსა გულ-მკერდის საპობლად. ნეტავ ვინ დასძრავს ბაგესა არწივთა ბუდის საგმობლად?! სახლში მივიდა მხედარი, ცხენ-და-ცხენ მიდგა კარზედა. არც პირი დაუბანია, არც ულოცნია წყალზედა. დაღრიჯა ცხენი სადავით, უხმობს შინ მყოფებს გარეთა: „გამოჩნდი, ვინ ხარ სახლშია, ცხენ-კაცი ჩაიბარეთა!“ მხედარი თავმოწონებულს ჰგავს მთას შემომხდარს მთვარესა, უნდა აცნობოს ქვეყანას, სად იყო, რომელ მხარესა, – რომ მოაქვს ქიჩირის ხელი, დაფასებული ძვირადა. ამიერიდან მის საქმე ექნებათ გასაკვირადა ჩერქეზეთს დიდთ და მცირეთა, – პატივისცემის გვირგვინი ედგმის მის სახლის დირეთა. ქალი გამოდგა ქოხიდან, შუქი გამოჰყვა პირითა. ქალი ვამსგავსე ამ დროსა ნამს, ვარდზე მბრწყინავს დილითა. თუ შურთხი არი ლამაზი, მსტვინავი მაღალ მთაზედა? ან თუ შავარდნის წიწილა, მწოლარე დედის ფრთაზედა? ან თუ ვარსკვლავთა კრებული უხვ-სხივიანი ცაზედა? ან თუ ალმასი ფრანგული, დაღირებული მკლავზედა? ან თუ ზღვა არი მშფოთარე, აყვირებული ზღვაზედა?! იქნება სამოთხე იყოს, ქვეყნად მოსული ციდანა?
1 / 7
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/