სიმღერა
სიმღერა (1886)
ეს გაზაფხულიც მოვიდა,
აგერ ჩამოშრნენ მთანია,
საპირიქითოდ გაიხსნენ
თოვლით შაკრულნი გზანია.
წეროთაც გადაიარეს,
მერცხალიც მოფრენილაო,
დრო არის გაღვიძებისა,
ჩემო დედილო თინაო.
ჭიამაც გამაიღვიძა,
წიპრიამ იწყო სტვენაო,
შენ გაფითრებულს გძინია
და ვერ გაგიძრავს ენაო.
მითამ იღვიძებს, ჩუჩუნებს,
კიდეც დაიწყო ფშვენაო.
არა! მწოლელა დააწვა,
ყელში დაუწყო ჭერაო.
ნეტავ ხაფანგით შემეძლოს
მაგ ეშმაკების ჭერაო.
დიდხან ვერ იპამპლაუშებ,
წვეროსანაო, ქერაო!
განა მართლაა ოხერი
ჩემი მშობელი თინია,
რომ იკლა იმის გულზედა
შენ ეშმაკური ჟინია!
მაშ ხმალს რად ირტყამს წელზედა
ქვრივის თინიას შვილია,
თუ მის მზრდელს ძუძუებთანა
ეშმაკს ექნება კბილია.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა