პოეზია
საწყალის კაცის ვედრება
ყანავ, ამოდი მაღალი, ხშირი!
შემოგღაღადებ და შემოგტირი.
ცას შაეხვეწე, ევედრე მზესა,
ჩვენს სულის ჩამდგმელს, მცენარეთ მწესა.
წვიმავ, დანამე! მზეო, გაათბე
ამაგი ჩემი, ნაღვაწ-ნაოფლი!
მომჩერებიან მშიერ-ტიტვლები,
ჰშიანთ საწყლებსა, ჩამოსდით ცრემლი.
ცაო, შენა ხარ ჩვენი ნუგეში
და, მიწავ, ჩვენი მშობელი დედა.
მოგვეცით სარჩო, მოგვეცით საზრდო,
გადავიყაროთ გულიდან სევდა!
ისმინა ღმერთმა, ისმინა ცამა
ჩემი მუდარა, ჩემი გოდება:
მიყუჩდა არე, თითქოს ყურს მიგდებს,
ცაზედ ღრუბლები მოდის, გროვდება.
„ნუ სტირი, ნუო!“ იჭექა ცამა,
მკერდი გადიხსნა, დაუშო წვიმა,
ნაგვალს მიწასა ძუძუ აწოვა,
ყანა გაცოცხლდა და გამიღიმა.
გახარებული ჩემი ობლები
ფერხულს აბამენ, ხტიან, მღერიან,
ან რად იტირონ, რად ივაგლახონ,
როს მომავალში შვებას ელიან!
კურდღელს საცუცნად ალაღებს ყანა,
თავშესაფარად მას ჰგუობს მწყერი.
მეც მიხარიან, განგებას ვმადლობ,
ჩონგურს ვაჟღერებ, ლაღადა ვმღერი.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა