პოეზია
სამეფო სიყვარულისა
სატრფო დავკარგე, იმას ვეძებდი,
შემოვიარე მთელი ქვეყანა.
ჭირი და სევდა ზღვა და ხმელეთზე
სატრფოს მოძებარს შემხვდა ბევრგანა.
რამდენჯერ ფიქრი ცეცხლ-მოდებული
გავგზავნე ცაში მაღლა ღმერთთანა,
მაგრამ მე და იმ ჩემს ბედის ვარსკვლავს
არ მოგვიხერხდა შეყრა ერთკანა.
მოხეტიალე გახელებული
წავაწყდი სადღაც ერთს ტურფა მდელოს.
ცოდვაა მისი მშვენიერება
ადამიანმა ფეხითა სთელოს.
სამოთხეს ჰგავდა, ან კი სამოთხე
იმაზე კარგი რითღა იქნება?
ჩემს აღტაცებას არ აქვს სამზღვარი,
როს მის სურათი თვალწინ მიდგება.
ყოველი ფიქრი საამქვეყნიო
მაშინ ქარწყლდება, გულში მიქრება.
ცივნი წყარონი ურიცხვთ ყვავილთა
ანკარა ნამით პირებსა ჰბანდენ.
წყარო ხომ თვითაც ლამაზი არის,
მაშინ კი ტრფობის ღმერთებსა ჰგავდენ.
უკვდავებისა წყარონი იყვნენ
და უკვდავებით მიდამოს ჰრწყავდენ,
უკვდავების ხეც იქვე ჰყვაოდა,
იქ ვერ აცდენდა გველი ევასა,
ვერა ჰბედავდა ბოროტი სული
ცოდვის საქმნელად გულის რწევასა.
შურის თვალითა შორით უმზერდა,
მაგრამ ხდებოდა იგი ვერასა.
სამეფო ტახტზე ყვავილიანზე
თვით სიყვარული ზედ ბრძანდებოდა,
კაცთა და პირუტყვთ გრძნობა-ვნებებზე
იგი მეფობდა და ბრძანებლობდა.
ვეფხვნი და ლომნი წყნარად, უვნებლად
ირემთ და შველთა შორის დიოდენ,
ქორ-შავარდენნი კაკაბთ, გნოლთ გვერდით
ისხდენ და სამტროდ არა ჰკიოდენ.
არწივსა ხმალი ქარქაშს ჩაეგო,
კლანჭზედაც სისხლი არღა სცხებოდა,
მყის დამტკბარიყო მისი ბუნება,
რა სიყვარული გულსა ჰხლებოდა.
ვისაც გუშინა გულ-ცივად ჰკლავდა,
დღეს იგი მის მტერს შეაკვდებოდა.
ორნი მეფენი, ერთმანერთზედა
აშფოთებულნი შურით, მტრობითა,
ერთი იქით მხრით, მეორე აქით
პირისპირ მოდგნენ თვის მხედრობითა.
საომარ ველად ეს დაესახათ,
ტურფა სამეფო სიყვარულისა,
აქ ჰსურთ ერთმანერთს რომ გაუმწარონ
დღე სიცოცხლის და სიხარულისა.
გულში მხედარნი სიძულილს ჰლესენ,
გრძნობა არ უჩანსთ სიბრალულისა
და მიიწიეს ერთმანერთზედა
ხმალ-მოწვდით, თანაც კიჟინა დასცეს.
მაგრამ უეცრად ყველანი დაცხრენ.
მყის იარაღი ხელით გაუშვეს,
თავ-დაკიდებით შტერივით დადგენ.
მერე მივიდენ და ერთმანერთსა,
ვით ღვიძლმა ძმებმა, კოცნა დაუწყეს,
სულ დაჰვიწყნოდათ, რადაც აქ შეკრბენ,
ცა და ხმელეთსა სხვა ხმა აუწყეს.
ვეღარა ჰღებენ კაცის სისხლითა
მათ შემაცქერალს ტურფა მხარესა.
ერთურთს შესტრფიან თვალ-დამშეულნი,
ვით ცა გადმოსულს მაზედ მთვარესა.
მე კი ვიძახდი: „სატრფოვ, სადა ხარ,
რად არ მაჩვენებ შენსა სახესა?“
– მე თვით გახლავარ ის შენი სატრფო! –
ტრფობის ქვეყანა ერთხმად ჰკიოდა.
გამომეღვიძა. სიზმრად მენახა
და ამის გამო გული მტკიოდა.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა