სიმღერა
საით გეძებო, არ ვიცი
რას მდუმარებენ, არ ვიცი,
მშობელი ქვეყნის გმირები.
სად არის მათი ანდერძი
და სიტყვა დანაპირები,
იმათი ხმალი-კალამი,
ზედ მარგალიტის მძივები?!
სიტყვა სწყურია ქვეყანას
გულის წყლულისა წამლადა.
ალბათ გმირებიც დალაჩრდენ,
ან იქნებ დახდნენ ავადა?!
და ქვეყნის წყლულზე ფიქრობენ, –
მორჩება თავისთავადა?!
ახლები რაღას შვრებიან,
სად გაჰქრნენ მათნი ნდომანი,
გაფიცვა ერთმანეთთანა,
დიდი ღელვა და წყრომანი?!
ზოგები განდგნენ, გაიქცნენ,
დასწყევლეს თვისნი ცდომანი,
თავსა და ხელებს აქნევენ,
როგორც ურწმუნო თომანი.
ზოგთ ანაფორა იფარეს,
სხვის არ ძალ-ედვათ წვდომანი,
ზოგთ „კანცელია“ მოძებნეს
და იქ დაიწყეს ძრომანი.
ამაოდ ექმნა ქვეყანას
მათი ყოფნა და შრომანი.
დაძველდა სიყრმის წადილი
მხნე, წრფელი გულის ღელვისა,
მტერსაც კაი დრო მიეცა
ჩვენზედა წამოქელვისა.
გაუტეხლობა გულისა,
რა ვქნა, შევატყვე ვერვისა.
ვაი, რა ცუდი დრო არი
მამულის ხვნა და თესვისა!..
დიდი არ უნდა წამალი
ჩვენს უნუგეშო ყოფნასა,
ოღონდ საქვეყნოდ ვწირავდეთ
ცოტა რამ თავის შრომასა.
არც კაი ბოლო ექნება
ჩვენს ერთ ადგილზე დგომასა.
უკან დახევა არ გვარგებს,
სჯობს გავიწიოთ წინაო,
ვიმხნეოთ, გულით გავკლდევდეთ,
მტერმა ნუმც შაგვაშინაო.
ერთს დროს იქნება ჩვენცა ვსთქვათ:
„გვაქვს საკუთარი შინაო!“
მოკვდეს, ვინც ამა მცნებასა
უბღვერს, არ გაუცინაო,
კმაყოფილია, ნებივრობს,
დაწვა და დაიძინაო.
ნეტავი იმას, საქვეყნოდ
ვინც ყოფნა გაიმწარაო, –
ხალხის ბომონის წინაშე
ქედი არ მოიხარაო;
ხორცით ეწამა და სულით
აჰყვავდა, გაიხარაო.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა